სადიდსლემო ტურნირების სარეკორდო რაოდენობით (16) მომგებმა როჯერ ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება მოგებით დაიწყო. შვეიცარიელმა 3 სეტით გატეხა გერმანელი ტობიას კამკეს წინააღმდეგობა 6:2, 7:5, 6:3 და ალემანის ძლევასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკორდის ავტორი შეიქნა. საქმე ისაა, რომ ეგრეთ წოდებული “ღია ერის” შემდეგ (1968 წელი) დიდი სლემის ტურნირებზე მოგებულ მატჩთა რაოდენობა 233-მდე გაზარდა და ლეგენდარულ ამერიკელს ჯიმი კონორსს დაეწია. თუმცა, ფედერერი კონორსს პროცენტული მაჩვენებლით ჯობნის. “მხიარულ როჯერს” 233 სადიდსლემო გამარჯვების წილ მხოლოდ 35 მარცხი აქვს განცდილი, კონორსმა კი 49 შეხვედრაში იწვნია წაგების სიმწარე.
“როლან გაროსის” მეორე წრეში ფედერერი რუმინელ ადრიან უნგურს შეხვდება, რომელმაც სასტარტო მატჩში საფრანგეთის ღია პირველობის ორგზის ნახევარფინალისტს, არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს 6:3, 5:7, 6:4, 7:5 მოუგო. შეგახსენებთ სადღეისოდ პლანეტის ნომერ მესამე ჩოგანს ფედერერს “როლან გაროსი” 2009 წელს აქვს მოგებული, მისი მომავალი ოპონენტი უნგური კი მსოფლიოს რეიტინგსიაში 92-ე ადგილზეა.
ქალთა რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ვიკტორია აზარენკამ საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო სტადიაზე იტალიელ ალბერტა ბრიანტის 6:7 (6:8), 6:4, 6:2 მოუგო, ნამატჩევს კი საკუთარი თამაშით უკმაყოფილო გახლდათ. “60 შეცდომა დავუშვი და ეს ჩემთვის ძალიან ცუდი სტატისტიკაა. საერთოდ, სადიდსლემო შეჯიბრების პირველ წრეში თამაში ყოველთვის რთულია და იმედია, მომდევნო ასპარეზობებს უკეთ ჩავატარებ”, - დასძინა ბელარუსმა.







