ჩოგბურთი

11:41 | 25.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ამერიკელების წინააღმდეგ

მაიამის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის მეორე წრეში შეჯიბრების ორგზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა (3) ამერიკელ რაიან ჰარისონს 6:2, 7:6 (7:3) მოუგო და შემდგომ ეტაპზე კიდევ ერთ ამერიკელს ენდი როდიკს (31) შეხვდება. ამ უკანასკნელმა 2004 წელს იმარჯვა ფლორიდის შტატის “ზამთრის უიმბლდონად” წოდებულ ასპარეზობაზე და 2005 და 2006 წლებში სწორედ როდიკისგან გადაიბარა “საჩემპიონო ესტაფეტა” ფედერერმა.
აშშ-ში ამერიკელი ჩოგბურთელის ძლევა ყოველთვის რთული საქმეა, რადგანაც ისინი სამშობლოში, როგორც წესი, საუკეთესო თამაშს აჩვენებენო, განაცხადა ჰარისონის დამარცხების შემდეგ ფედერერმა და ვნახოთ, როგორ დასრულდება შვეიცარიელის დაპირისპირება კიდევ ერთ ამერიკელთან, აშშ-ის ღია პირველობის 2003 წლის გამარჯვებულ როდიკთან. ამასობაში, რამდენიმე გაზეთმა ერთდროულად ამცნო მკითხველს, რომ მომავალ აპრილს, მონტე-კარლოს “მასტერზი” ფედერერის გარეშე ჩაივლის. როჯერმა დასვენება და “როლან გაროსისთვის” უკეთ მომზადება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, შარშან მონტე-კარლოში შვეიცარიელი დიდოსტატი მეოთხედფინალში ავსტრიელ იურგენ მელცერთან 4:6, 4:6 დამარცხდა.
მაიამის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2 სეტით დაძლია კვიპროსელი მარკოს ბაღდატისის წინააღმდეგობა 6:4, 6:4 და მესამე წრეში თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდება.
“ზამთრის უიმბლდონის” ქალთა ერთეულთა შეჯიბრების ხუთგზის გამარჯვებული სერენა უილიამსი (10) დამაჯერებლად მიიწევს წინ. უილიამს-უმცროსმა იტალიელ რობერტა ვინჩის (21) საათსა და 7 წუთში მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო (6:2, 6:1) და მომდევნო ოპონენტად ავსტრალიელი სამანტა სტოსური (6) ეყოლება. მესამე წრეში გაღწევის შემდეგ კი სერენამ რეპორტიორებს განუცხადა, სადღეისოდ უკეთ თამაშიც შემიძლია და შესაფერისი პრაქტიკის ნაკლებობა არაფერს დამაკლებსო.
მაიამის ტურნირი 2010 წლის ჩემპიონის, ბელგიელი კიმ კლეისტერსის გარეშე გაგრძელდება. მესამე ეტაპისკენ მიმავალი გზა მას თანამემამულე იანინა ვიკმაიერმა გადაუკეტა 4:6, 6:7. “კიმი ჩემი ბავშვობის კერპია. ყოველთვის მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. კლეისტერსის დამარცხება კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენს ჩემ ასპარეზობას”, - ამბობდა ვიკმაიერი მისაბაძი სპორტსმენის ძლევის შემდეგ. მომდევნო სტადიაზე იგი მსოფლიოს ექსპირველ ჩოგბურთელს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება. სკანდინავმა მეორე წრეში პეტრა ცეტკოვსკას 6:3, 7:5 მოუგო.




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156985