ჩოგბურთი

11:07 | 5.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფედ ქაფის” ფინალი ჩეხეთმა მოიგო

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფედერაციის თასის ფინალში ერთმანეთს ჩეხეთისა და სერბეთის ქალთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პირველი სათამაშო დღე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - 2:0.
გუშინ ტურნირის მეორე სათამაშო დღე იყო და პირველ მატჩში ერთმანეთს სერბეთისა და ჩეხეთის პირველი ჩოგნები დაუპირისპირდნენ - ანა ივანოვიჩი და პეტრა კვიტოვა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, პირველ სეტში ანამ ორჯერ აართვა მეტოქეს ჩაწოდება და პარტიაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:3. მეორე სეტიც სერბის უპირატესობით დაიწყო, ვინც მეოთხე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა და 3:1 დაწინაურდა. ივანოვიჩი 5:3-ზე მატჩზეც აწვდიდა, როცა კორტების მასპინძელი კვიტოვა გამოფხიზლდა და ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო შემდგომ საკუთარი ჩაწოდებაც მოიგო - 5:5. თუმცა პეტრას მეტზე ძალა აღარ ეყო, მეტოქემ კიდევ ერთხელ აართვა მოწოდება და თამაშიც მოუგო - 6:3, 7:5 ანა ივანოვიჩის სასარგებლოდ. სერბეთმა კი ანგარიშში სხვაობა შეამცირა და სერიაში ინტრიგა დააბრუნა - 1:2.
სერიის მეოთხე მატჩში კი ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, მასპინძელმა ლუსი შაფარჟოვამ მოულოდნელად ძალიან ადვილად, 1 საათსა და 17 წუთში გაანადგურა სახელოვანი სერბი მეტოქე ელენა იანკოვიჩი 6:1, 6:1 და ფინალურ სერიაში საკუთარ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - 3:1.
ჩეხეთის ნაკრებმა დაიცვა 2011 წელს მოგებული ფედერაციის თასის მფლობელის ტიტული, ეს გამარჯვება მისთვის რიგით მეშვიდე გახლდათ (იგულისხმება ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში ყოფნის დროს მოგებული ტიტულებიც) და ამ მაჩვენებლით ავსტრალიის ნაკრებთან პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს მსოფლიოს ქალთა საჩოგბურთო ისტორიაში.
 

 

გიორგი ბარბაქაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075541