ჩოგბურთი

16:14 | 20.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების მერვედფინალები

რაფა ნადალმა (2) ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს იოლად მოუგო 6:2, 6:4, 6:2 და მერვედფინალში თანამემამულე ფელისიანო ლოპესთან მოუწევს შეხვედრა. ნამატჩევს რაფა გახარებული იყო, მეოთხედფინალში სეტისწაუგებლად გავედი, რაც სამომავლო მატჩების წინ ოპტიმიზმს მმატებსო. “ჯერჯერობით, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. მუხლი აღარ მტკივა და იმედია, ტურნირის ბოლომდე მცირედი ტკივილიც კი თავს არ შემახსენებს. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, კორტზე გასეირნება ნამდვილად არ მქონია. ანგარიშის მიუხედავად, პირველ სეტში საკმაოდ გამიჭირდა, შემდეგ კი პრაქტიკულად უშეცდომოდ ვითამაშე და შედეგიც სახეზეა”, - ამბობდა რაფა სლოვაკის დამარცხების შემდეგ. შეხვედრის ნადალისეულ შეფასებას მთლიანად დაეთანხმა ლაცკო – მალიორკელი მაქსიმალურად მობილიზებული იყო და დამაჯერებლად გამოიყურებოდაო. ნადალისა და ლოპესის მატჩს თუ მივუბრუნდებით, მოგახსენებთ, რომ ფელისიანო პირველად გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში.
ასევე სეტისწაუგებლად გავიდა მერვედფინალში როჯერ ფედერერი (3), თუმცა შვეიცარელს ხორვატი ივო კარლოვიჩის წინააღმდეგობის დასაძლევად საკმაო ოფლისღვრა დასჭირდა - 7:6 (8:6), 7:5, 6:3. პირველი პარტიის ტაიბრეიკის მსვლელობისას, კარლოვიჩს საკუთარ მოწოდებაზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. “იმთავითვე ვიცოდი, ივოსთან ურთულესი მატჩის ჩატარება რომ მომიწევდა. კარლოვიჩთან დაპირისპირებისას მოსაგებად იღბალმაც მოწყალე თვალით უნდა გადმოგხედოს. ამჯერად ასე მოხდა, რამაც დამაჯერებლობა შემძინა და თანდათან თამაშს ვუმატებდი”, - AFP-ის კორესპონდენტთან საუბრისას “მხიარულმა როჯერმა” ფორტუნას მადლობა შესწირა. მერვედფინალში ფედერერის მოწინააღმდეგე გერმანიაში დაბადებული, ეროვნებით ხორვატი და ავსტრალიის სახელით მოთამაშე ბერნარდ ტომიჩი იქნება, რომელმაც დრამატულ ხუთსეტიან პაექრობაში უკრაინელ ალეკსანდრ დოლგოპოლოვს (შარშანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალისტი-რედ) 4:6, 7:6, 7:6, 2:6, 6:3 მოუგო.
ჯონ იზნერთან მეორე წრის მატჩის მსვლელობისას მსაჯობით უკმაყოფილო დავიდ ნალბანდინმა კოშკურის რეფერის, კადერ ნუნის “უტვინო” უწოდა, რის გამოც ტურნირის ორგანიზატორებმა არგენტინელს ფინანსური ჯარიმა დააკისრეს. დავიდს 8 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.
ქალთა ერთეულთა შეჯიბრების ფავორიტებს რაც შეეხება, კაროლინ ვოზნიაცკიმ (1) ტყუპისცალივით მსგავსი გეიმები მოუგო რუმინელ მონიკა ნიკულესკუს (6:2, 6:2) და მერვედფინალში მეტოქედ სერბი ელენა იანკოვიჩი (13) ელის. ბალკანელმა, თავის მხრივ, ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი 6:2, 6:0 გაანადგურა. ვოზნიაცკიმ კი დღევანდელი ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ განაცხადა, კორტზე გასული, რეიტინგზე სულაც არ ვფიქრობ და ჩემი პრიორიტეტი მაყურებლისთვის ლამაზი და სოლიდური ჩოგბურთის ჩვენებააო. საბრძოლველადაა განწყობილი იანკოვიჩი. ელენა აცხადებს, საკუთარი შესაძლებლობების მჯერა, დანარჩენს კორტზე განვითარებული მოვლენები გამოაჩენენო.
მერვედფინალშია მესამე ნომრით განთესილი ბელარუსი ვიკტორია აზარენკაც. აღმოსავლეთსლავმა გერმანელ ბარტელს 6:2, 6:4 სძლია და მომდევნო ოპონენტად ჩეხი ივეტა ბენეშოვა ეყოლება. “ივეტა რთულად დასაძლევი მეტოქეა. მისგან სიურპრიზია მოსალოდნელი და თუკი უშეცდომოდ ითამაშებს, ურთულესი შეხვედრა მელოდება”, - ფრთხილობს აზარენკა.
ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, ბელგიელი კიმ კლეისტერსი (11) სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას (20) შეხვდა და მეოთხე ეტაპის საგზური იოლად მოიპოვა. ბენილუქსელმა მეტოქე 6:3, 6:2 დაამარცხა, მატჩის მსვლელობისას კი 5 ბრეიკპოინტის რეალიზება მოახერხა.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090321