საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “მილუოკი ბაქსის” ქართველმა ცენტრმა პორტლენდში გამართულ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა, გუნდი ოვერტაიმში მარცხისგან ვერ იხსნა – 115:120.
“ბაქსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და იმდენი მოახერხა, რომ თამაშის ძირითადი დრო ფრედ (98:98) დაასრულა, თუმცა, უხვქულიან ოვერტაიმში გამარჯვების დაფიქსირება ვეღარ მოახერხა.
ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 36:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 13 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ სეზონისთვის სარეკორდო 14 ორქულიანიდან 7 ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ერთადერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-3 დაბლ-დაბლი მოაგროვა. ფაჩულიამ პირველად თავი ჩემპიონატის სასტარტო მატჩშივე, 30 ოქტომბერს, “ნიუ იორკთან“ (13 ქულა, 11 მოხსნა) გამოიჩინა, 8 თებერვალს კი “ჰიუსტონთან“ (12 ქულა, 10 მოხსნა) დაპირისპირებისას გამოირჩა.
ისიც ვთქვათ, რომ გასულ მატჩში მოგროვებული 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, ხოლო 13 მოხსნა საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ამას გარდა, ნბა-ში ჩატარებულ 728-ე მატჩში ზაზამ ორ მიჯნას – 15 000-წუთიან და 4 000-მოხსნიან ზღვარს გადააბიჯა.
ახლა, ქართველი კალათბურთელის აქტივში მოედანზე გატარებული 15 033 წუთი და 4 011 მოხსნაა, ხოლო მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მონაგარი 24.9 წუთი, 7.2 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.3 პასი და 1.0 ჩაჭრა გახლავთ.
“მილუოკი” 4-მატჩიანი დასავლური ტურნეს მორიგ შეხვედრას 21 მარტის დილას “გოლდენ სტეიტთან“ ჩაატარებს, მანამდე კი, “ბაქსს” 13 მოგების 55 მარცხი მოუგროვდა და ლიგის უარეს გუნდად რჩება.
