ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ “დეტროიტ პისტონზთან” გასულ შეხვედრაში, მან მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო 3 დაფარება მიითვალა, ამჯერად კი, “მაიამი ჰითთან” ასევე სეზონისთვის საუკეთესო 16 მოხსნა მოაგროვა.
ნბა-ს ლიგის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში, აუტსაიდერ “მილუოკის” შანსი არ ჰქონია. ფლორიდელებმა საშინაო თამაშის პირველი მეოთხედი 33:19 მოიგეს და მატჩის გამარჯვებამდე (96:77) მიყვანა არ გასჭირვებიათ, სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელებად ზაზა ფაჩულია და ლებრონ ჯეიმსი აღიარეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:27 წუთში 8 ქულა, 16 მოხსნა (6 შეტევაში) და 4 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს რამონ სეშენსი (19), ჯეფ ედრიენი (14) და ბრენდონ ნაიტი (11) ასცდნენ, მაიამელებს კი, როგორც აღვნიშნეთ, ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნაა.
