ჩიკაგოში ერთმანეთს მეგობრები და საქართელოს ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია შეხვდნენ. 30 წლის ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, 22 წლის შენგელია კი მწვრთნელმა მხოლოდ 22 წამი ათამაშა. ზაზა და თოკო ერთმანეთს მოედანზეც შეხვდნენ და მატჩის ბოლოს ერთმანეთს გულიანად გადაეხვივნენ.
"ჩიკაგომ", რომელიც პლეი ოფში გასულია და კონფერენციაში მე-3 ადგილის დასაკავებლად იბრძვის, აუტსაიდერ "მილუოკისთან" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა - 102:90.
ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და იმ 40 წუთში, რაც მოედანზე იყო, 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირი 22 ქულით ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო საუკეთესო შედეგი ჯეფ ადრიენს ჰქონდა -21 ქულა, 9 მოხსნა.
"ჩიკაგოში" 7 კალათბურთელი 10 ქულას ასცდა, რომელთაგან 17-17 კირკ ჰაინრიხმა და ჯიმი ბატლერმა დააგროვეს, ხოლო 14-14 კარლოს ბუზერმა და დიჯეი აუგუსტინმა. შენგელიამ და ჯიმერ ფრედეტემ მატჩის უკანასკნელი 22 წამი ითამაშეს. ქართველმა ფორვარდმა ამ დროში 1 ჩაჭრის მითვლა მოასწრო.
