ფეხბურთი

22:51 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო – 2014 წლის მუნდიალზე და ფავორიტებზე

 

რუსეთის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ 2014 წლის მუნდიალისთვის გრანდების შანსებზე ისაუბრა. დღესდღეობით, კაპელო მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს შორისაა: 7,8 მილიონ ევროს იღებს წელიწადში – პირველი კითხვა სწორედ ამას შეეხო. აქვე, ინტერვიუ Gazzetta Dello sport-თან.   

ფეხბურთში ანაზღაურება გაიზარდა. არ ფიქრობთ, რომ უკვე ზედმეტია? კითხვა ეხება როგორც  ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელების ხელფასებს.

- ვფიქრობ, მწვრთნელისა და მისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების ხელფასი თანაბარი უნდა იყოს.   

რუსეთის ნაკრებში როგორ გაქვთ საქმე?

-  ჩვენ პირველ ადგილზე გავედით შესარჩევ ჯგუფში და ეს მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას ჩვენზე ძლიერ ნაკრებად თვლიდნენ. ბევრი ვიმუშავეთ. მართალია, რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მასშტაბით გამოუცდელი ნაკრებია, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ დავიწყებთ მუნდიალს.

-  2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს.

- ახლა ყველა ელის, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარი ბრაზილიას ჩემპიონობამდე მიიყვანს. ვიცი, 2018 წელს მეც იგივე წნეხში ვიქნები. თუმცა ეს არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ დიდი პატივიცაა.

გაისად მუნდიალზე ფავორიტებად ვის მიიჩნევთ?

- ბრაზილია ყველა რგოლში ძლიერია და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაში ისეთი ვარსკვლავები აღარ ჰყავთ. რაც არ უნდა ვთქვათ, ფავორიტები იქნებიან. ასევეა არგენტინაც. ლეო მესის ამდენ ხანს არასოდეს დაუსვენია და ვფიქრობ, მუნდიალს შედარებით მხნედ შეხვდება. სახიფათოა ურუგვაიც: სუარესი და კავანი ყველა ნაკრებს როდი ჰყავს.

ანუ, ევროპულ ნაკრებებს გაუჭირდებათ?

- არა. ესპანეთსა და გერმანიას სამხრეთამერიკელებზე ნაკლები პოტენციალი როდი აქვთ. არ უნდა დავივიწყოთ იტალია და ინგლისიც. ჩეზარე პრანდელიმ დიდი სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ რთულ ჯგუფში მოხვდა “სკუადრა აძურა”.

ინგლისიც მათ ჯგუფშია.

- ვნახოთ, კიდევ რამდენ ახალგაზრდას მიიწვევს როი ჰოჯსონი. როცა იქ ვმუშაობდი, ბევრი ტალანტი მოდიოდა. აი, იტალიამ კი ეს ეტაპი გაიარა, მათ საკმაო გამოცდილება აქვთ. ინგლისი-იტალია მანაუსში გაიმართება და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რომელი ნაკრები უკეთ აუღებს ალღოს უცხო კლიმატს.

სიურპრიზს ვისგან ველოდოთ?

- ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესონი არიან კოლუმბია და ბელგია. კოლუმბიელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, სანახაობრივად თამაშობენ. ბელგიელებს კი საოცრად პერსპექტიული გუნდი ჰყავთ. ამასობაში, კინაღამ გამომრჩა ჰოლანდია. ლუის ვან გაალს ვესაუბრე - აშკარად შემართული და იმედიანია.


    

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121716