საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის მსოფლიოს თასი 15 მედლით ჩაიჭიდავა. პირველ დღეს მოგებულ 2-2 ოქროსა და ბრინჯაოს და ერთ ვერცხლს, ამირან ტოტიკაშვილის გუნდის წევრებმა, მეორე დღეს, კიდევ 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო შემატეს. კვირას ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და არც ერთის ფინალს მასპინძელთა გარეშე არ ჩაუვლია.
81 კილოგრამში სულაც, ქართული ფინალი შედგა და უფრო მეტიც, ნახევარფინალში ტატამს უკვე მხოლოდ ქართველი ძიუდოისტები შერჩნენ. არც თუ მაღალი კლასის უცხოელ სტუმართა ფაქტორისა და რაოდენობრივი მხარის (81 კილოგრამში სულ 15-მა ძიუდოისტმა იჭიდავა) მიუხედავად, მასპინძელთა ასეთ წარმატებას, ალბათ, მაინც არავინ ელოდა. ლევან წიკლაურმა, იოსებ წელაურმა, ხვიჩა ხუციშვილმა და დავით კარბელაშვილმა 2-2 მეტოქე უპრობლემოდ ჩამოიცილეს და ფინალში გადასასვლელად ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. წიკლაურმა წელაურს დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო, ღირსეული რევანში აუღო, აჯობა რა ვაზარითა და იუკოთი. ხუციშვილი კი კარბელაშვილს შიდოს უპირატესობით გასცდა.
ოქროს ბრძოლაში, წიკლაურმა ხუციშვილს ორ წუთსა და 24 წამში მტკივნეული ილეთით სძლია. იქამდე კი, რეპეშაჟის ფინალები შედგა და გაირკვა, რომ თბილისის მსოფლიოს თასის კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველი ძიუდოისტები ავიდოდნენ. კარბელაშვილმა ბრინჯაოს მედალი აზერბაიჯანელი სეიმურ რზაზადეს ძლევით გაინაღდა, წელაურმა – ბერძენი დავიდ ცოკურისის ძლევით.
90-კილოგრამიანთა ჭიდაობა დიდი მოულოდნელობით დაიწყო. საქართველოს ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი მედლის¬თვის ბრძოლას პირველსავე წრეში გამოეთიშა. ევროპის ვერცხლის პრიზიორმა უკრაინელ დმიტრო ბერეჟნისთან წესის დარღვევის გამო წააგო. ასე მიიჩნიეს მსაჯებმა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას ძიუდოს სპეციალისტთა ნაწილი აშკარად არ დაეთანხმა. მათი აზრით, ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქის ფეხიდან აყვანა კონტრშეტევისას სცადა, რაც ახალი წესებითაც ნებადართულია. თუმცა, სპეციალისტთა მეორე ნაწილმა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმაც, ჩათვალა, რომ ლიპარტელიანმა წესი მართლაც დაარღვია. ძნელი სათქმელია, რომელი აზრი უფრო ახლოსაა სიმართლესთან, მაგრამ ფაქტია, ვარლამ ლიპარტელიანმა უკრაინელი მოწინააღმდეგე იქამდე ძალიან დაჩაგრა, იპონის გარდა, ყველა მომგებიანი ქულა აუღო და შეხვედრის მიწურულს, იმხელა უპირატესობით იგებდა, ფეხში შესვლა და ილეთის წამოწყება აღარაფერში სჭირდებოდა. მოულოდნელი მარცხისგან გაოგნებულმა ძიუდოისტმა შედეგი ირონიული აპლოდისმენტით გააპ¬როტესტა.
ტურნირი გამარჯვებებით გახსნეს საბა გავაშელიშვილმა და ლაშა გურულმა, მაგრამ მე-2 წრეს - მეოთხედფინალს ვეღარ გასცდნენ. გავაშელიშვილს რუსმა კამილ მაგომედოვმა იპონით აჯობა, გურული კი, იაპონელ იუკი ჰარუიამასთან დამარცხდა - ასევე სუფთად. ქართველებმა მორიგი იპონები რეპეშაჟის პირველსავე წრეში იწვნიეს და მსოფლიოს თასი მე-7 ადგილით დაასრულეს.
ამ წონაში, მასპინძელთა ოთხეულიდან ყველაზე კარგად მინდია ბოდაველმა იჭიდავა. ძიუდოისტი, რომელიც საქართველოს ბოლო ჩემპიონატზე სამეულში ვერ მოხვდა, მსოფლიოს თასზე თითქმის უნაკლოდ გამოვიდა და ჩემპიონი გახდა. ოქროს გზაზე მან მოლდოველი კორნელიუ დუდნიჩი და თანაგუნდელების მძლეველი უცხოელები: უკრაინელი ვლადისლავ პოტაპოვი, იაპონელი იუკი ჰარუიამა და რუსი კამილ მაგომედოვი ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოიცილა. ყველაზე მეტად ჰარუიამასთან გაუჭირდა - ბოლო წამებზე წამგებიან შიდოს სასწაულებრივად გადაურჩა. ყველაზე შთამბეჭდავი კი ფინალური გამარჯვება იყო. ტრავმირებულმა ბოდაველმა რუსი მოწინააღმდეგე ორ წუთში, ულამაზესი გდებით გააკრა ტატამს.
100 კილოგრამშიც ქართულ-რუსული ფინალი უნდა შემდგარიყო, მაგრამ რევაზ ჩიკოიძემ, ტრავმის გამო, შეხვედრა უბრძოლველად დათმო. ოქროს ბრძოლამდე ქართველი ძიუდოისტი 3 ულამაზესი გამარჯვებით მივიდა. უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვი 50 წამში შებოჭა, უნგრელ ბალინტ ფარ¬კაშთან ვაზარის აგებდა, მაგრამ შეხვედრა მაინც სათავისოდ შეატრიალა, სომეხი ჰაკობ არაქელიანის შესაბოჭად 4 წუთი და 48 წამი დასჭირდა, ფინალში კი, რუს მაგომედ მაგომედოვთან უნდა ეჭიდავა. ამ რუსმა გამოთიშა ოქ¬როსთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან დავით ლორიაშვილი. საბოლოოდ, ლორიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასთან ერთად, კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ნოდარ მეტრეველი ავიდა. მონაწილეთა ბადეში კიდევ ერთი ქართველი – ლევან ჟორჟოლიანიც იყო, მაგრამ ტატამზე არ გასულა.
მასპინძლები მძიმე წონაშიც სამკაციანი შემადგენლობით გამოვიდნენ. ტრავმირებული ალექსი დავითაშვილის სხვა ძიუდოისტით ჩანაცვლება დროის უკმარისობის გამო ვეღარ მოხერხდა. ქართველთაგან საპრიზო სამეულში ყველაზე უკეთესი შედეგით ადამ ოქრუაშვილი შევიდა. მან მსოფლიოს თასი პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყო. აზერბაიჯანელი ემილ ტაჰიროვი სამ წუთსა და 40 წამში ორჯერ დასცა ვაზარიზე. იაპონელ დაიკი კამიკავას შიდოთი გასცდა, მაგრამ კიდევ ერთ იაპონელთან, მასარუ მომოსისთან მხოლოდ წუთნახევარი გაძლო.
ზვიად ხანჯალიაშვილიც მომოსიმ გამოთიშა საჩემპიონო ბრძოლას. ეს შეხვედრა მერვედფინალში შედგა. ქართველი გოლიათი მეტოქის პასიურობის გამო მიღებული შიდოებით ვაზარიმდე ავიდა, მაგრამ წამიერად მოდუნდა და შებოჭვაზე მოჰყვა. ეს ერთადერთი შეცდომა რომ არა, ხანჯალიაშვილს შეეძლო მსოფლიოს თასის გამორჩეული ძიუდოისტი გამხდარიყო. დანარჩენი 3 შეხვედრის მოგებას, მან, ჯამში, 54 წამი აკმარა. იაპონელთან მარცხამდე, აზერბაიჯანელი ფარიდ ბაბაევი 17 წამში დააიპონა, რეპეშაჟში კი, თანაგუნდელი გიგა გუბელაძე 15 წამში, ხოლო დაიკი კამიკავა 22 წამში დაამარცხა. გუბელაძემ ძირითად ბადეში უნგრელი გერგო ურბანის ჩამოსაცილებლად ერთი წუთი იკმარა, მერვედფინალში კი, რუს რენატ საიდოვთან შებოჭვაზე მოჰყვა.
პირველ დღეს ქართველთაგან ყველაზე მეტად უმსუბუქეს წონაში მოჭიდავეებმა იყოჩაღეს. კვარცხლბეკზე 3 მასპინძელი ავიდა, მეოთხემ კი სარეიტინგო ქულები მე-5 ადგილით მიითვალა. წაუგებლად ტურნირი დავით ასუმბანმა ჩაამთავრა. საჩემპიონო გზაზე მან სომეხი გორ მკრტჩიანი, აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი, ბერძენი დიმოკრატოს მანუსარიდისი, იაპონელი ტაკეში მაცუკი და ბეთქილ შუკვანი ჩამოიცილა. პირველ ორ შემთხვევაში, საქმე ორწუთნახევარში, იპონებით მოამთავრა, მესამე-მეოთხე მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა, ოქროს წერტილი კი წუთსა და 47 წამში, იპონით დასვა.
ასუმბანი ჭკვიანური და ტაქტიკურად გამართული ჭიდაობით ყველასგან გამოირჩა. არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა შუკვანმაც, რომელმაც ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილს სამ წუთში სძლია. ამ შეხვედრაში შუკვანმა ერთ ეპიზოდში კისერი დაიზიანა და სწორედ ეს ტრავმა გახდა მისი ფინალური მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ბეთქილს ფინალში ჭიდაობისგან თავის შეკავებაც კი ურჩიეს, მაგრამ ეს მხოლოდ თხოვნა იყო და არა კატეგორიული მოთხოვნა, რადგან ტრავმას საგანგაშო არ ეთქმოდა. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც შუკვანი ასუმბანთან ბრძოლაშიც დავარდა უხერხულად, უკვე ჭიდაობა მხოლოდ ინერციით გააგრძელა და უმალ იპონზე წამოეგო. დაჯილდოვების ცერემონიალზე ტრავმირებული შუკვანი ასუმბანის დახმარებით მივიდა კვარცხლბეკამდე. კახაბრიშვილისვე კომენტარის თანახმად, ძიუდოისტმა, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მიიღო. ზუსტი დიაგნოზი ცნობილი დღეს გახდება.
კიდევ ერთი, მეტად საინტერესო დაპირისპირება, ამავე წონის რეპეშაჟის ფინალში ვიხილეთ - ამირან პაპინაშვილმა პაატა მერებაშვილი, ბევრისთვის მოულოდნელად, აშკარად დაჩაგრა და მედლის გარეშე დატოვა.
66 კილოგრამში კვარცხლბეკზე ერთადერთი ქართველი ავიდა - შალვა ქარდავამ 4 შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში იმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა. მერვედფინალში მან ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი სამ წუთსა და 45 წამში დააიპონა. ბერძენ ლავრენტიოს ალექსანიდისს ოქროს დროში, ვაზარი შეუსრულა, იაპონელ იუნპეი მორიშიტას ვაზარი თავიდანვე აუღო და ეს უპირატესობა იკმარა ფინალში გასასვლელად, ჩემპიონი კი აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადეს ძლევით გახდა. ფინალის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე დადაშზადემ ფეხიდან სცადა ილეთის შესრულება და ახალი წესის თანახმად, უმალ წაგება ჩაეთვალა.
სწორედ ამ აზერბაიჯანელმა გამოთიშა ბრძოლას ნესტორ ხერგიანი მერვედფინალში. იმავე ეტაპზე წაიფორხილეს მიხეილ ხომიზურმა და უჩა ხუციშვილმაც. პირველს იუნპეი მორიშიტამ იპონით აჯობა, მეორემ კი, იპონი უკრაინელი სერგეი პლიევისგან იწვნია.
73 კილოგრამში ქართული ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა – ზაზა კედელაშვილმა იყოჩაღა, თუმცა, ევროპის 3-გზის ჩემპიონისგან გულშემატკივარი უფრო მეტსაც ელოდა. უკრაინელი ანტონ ტიშჩენკოსა და სომეხი ანდრანიკ ჩაპარიანის წმინდად ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, ფრანგ რონალდ ალჟერთან ვაზარზე დავარდა, თავად კი, ილეთი ვერ შეასრულა და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო, ხოლო უკრაინელი დმიტრო შერეტოვის დაიპონებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დანარჩენი 3 ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი და ანზორ ხმიადაშვილი პირველსავე წრეში ჩარჩა.
ამ წონაში ჩემპიონი რუსი მურატ კოძოკოვი გახდა. ოქროს მედალი მან ილეთის შეუსრულებლად მიიღო. კედელაშვილის მძლეველი ალჟერი, ილეთის ფეხიდან დაწყების მცდელობისათვის, მსაჯებმა უმალ წაგებულად გამოაცხადეს.
თბილისური მსოფლიოს თასით 2010 წლის ევროსეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სპორტის სასახლეში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულები მასპინძლებმა მოინაგრეს, რაც ფრიად სასიხარულოა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი საერთაშორისო ტურნირები გაცილებით ძლიერ შემადგენლობებს მოუყრის თავს და საქართველოს ნაკრების კანდიდატების რეალური ძალა უცხოურ ტატამებზე ნაჩვენები შედეგებით უკეთ გამოჩნდება.
ძიუდო.
მსოფლიოს თასი
თბილისი
30-31 იანვარი
60 კგ
1 დავით ასუმბანი (საქართველო)
2 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართვ.)
3 ტაკეში მაცუკი (იაპონია)
66 კგ
1 შალვა ქარდავა (საქართველო)
2 სამირ დადაშზადე (აზერბაიჯანი)
3 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
3 სერგეი პლიევი (უკრაინა)
73 კგ
1 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
2 რონალდ ალჟერი (საფრანგეთი)
3 ზაზა კედელაშვილი (საქართველო)
3 რიო საიტო (იაპონია)
81 კგ
1 ლევან წიკლაური (საქართველო)
2 ხვიჩა ხუციშვილი (საქართველო)
3 იოსებ წელაური (საქართველო)
3 დავით კარბელაშვილი (საქართვ.)
90 კგ
1 მინდია ბოდაველი (საქართველო)
2 კამილ მაგომედოვი (რუსეთი)
3 იუკი ჰარუიამა (იაპონია)
3 ვლადისლავ პოტაპოვი (უკრაინა)
100 კგ
1 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)
2 რევაზ ჩიკოიძე (საქართველო)
3 დავით ლორიაშვილი (საქართვ)
3 ნოდარ მეტრეველი (საქართველო)
+100 კგ
1 მასარუ მომოსი (იაპონია)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართვ.)
3 რენატ საიდოვი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







