საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს აზიური შეკრებით იწყებს. პრაღის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდის ავსტრიელი თავკაცი - პიტერ ზაიზენბახერი ჩეხეთში ნაჭიდავებ ათ შეგირდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა.
ტოკიოს განაცხადში მოხვდნენ: ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ). ასევე ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ზურაბ ზვიადაური (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ), რომლებიც პრაღის მსოფლიოს თასზე არ გამოსულან და ნაკრებს თბილისიდან შეუერთდნენ.
წინასწარ სიაში, ზაიზენბახერს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაურიც (81 კგ) ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ ჩეხურ ტატამზე მიღებული ტრავმების გამო, ეს სპორტსმენები ნაკრების საევროპო სამზადისში ცოტა გვიან ჩაერთვებიან. კონკრეტულად როდის - ამას სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.
იაპონური წვრთნები 18 მარტამდე გაგრძელდება, შემდეგ ქართული გუნდი სამხრეთ კორეაში გადაბარგდება და 10 დღით სეულში დაბანაკდება, 28 მარტს კი თბილისში დაბრუნდება.
ევროპის ჩემპიონატი, 26-28 აპრილს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გაიმართება. იქამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გეგმაში კიდევ ერთი უცხოური შეკრებაა - სავარაუდოდ გერმანული.
ოთარ მაღლაკელიძე







