ჭადრაკი

23:54 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს თასის საგზურებისთვის

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში სტარტი აიღო ევროპის XIV ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავს: ბაადურ ჯობავა (2702), მერაბ გაგუნაშვილი (2592), თორნიკე სანიკიძე (2549) და დავით ლომსაძე (2370).

ტურნირში 286 მოჭადრაკე ჩაება, 2 ტურის თავზე კი ქულათა მაქსიმუმით 33 მონაწილე დაწინაურდა. მათ შორის გახლავთ სანიკიძეც, რომელმაც ტურნირის სტარტზე რუმინელ დეაკს (2183) და რუს კურნოსოვს (2654) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზე იმყოფება.

პირველი პოზიცია კიდევ ერთ რუს სერგეი გრიგორიანცს (2579) უპყრია, რომელმაც მე-2 ტურში შავი ფიგურებით ჯობავას სძლია. ბაადურს პირველ პარტიაში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ამგვარად, 1.0 ქულით ერთბაშად 175-ე ადგილამდე დაქვეითდა.

ასევე 1.0 ქულით 171-ეა ლომსაძე, ხოლო გაგუნაშვილმა 1.5 ქულით 34-ე საფეხურზე გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ მე-2 ტურში მერაბის და რუსი ევგენი ტომაშევსკის (2719) პარტია 152 (!) სვლას გაგრძელდა და ბოლოსდაბოლოს ყაიმით დასრულდა.

მე-3 ტურში სანიკიძე თეთრი ფიგურებით რუს შიმანოვს (2639) ეთამაშება, გაგუნაშვილის მეტოქე სომეხი აკოფიანი (2705) იქნება, ლომსაძე ბელარუს კოვალევს (2523) გაეჯიბრება, ხოლო ჯობავა – ჩეხ შიმაჩეკს (2498). გაგუნაშვილის გარდა, ქართველები შავებით გაირჯებიან.

პოლონეთში მიმდინარე ევროპირველობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 16 მაისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 14 ათასს მიიღებს. ერთი საინტერესო დეტალიც. ევროპის ჩემპიონატის 23 მოწინავე მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092635