საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა, პიტერ ზაიზენბახერმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 21-24 აპრილს, სტამბოლში ჩასატარებელ ევროპირველობაზე, ტატამზე 14 ქართველი გავა.
სამოც კილოგრამ წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი იჭიდავებენ, 66კგ – შალვა ქარდავა და გიორგი შოშიაშვილი, 73კგ – თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი, 81კგ – ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი, 90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა გურული, 100კგ – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი.
ამათ გარდა, გუნდში იქნებიან ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე, რომლებიც მხოლოდ გუნდურ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
“წინასწარი პროგრამით, წონითი კატეგორიების ლიდერების დაყენებას ევროპის ჩემპიონატზე არ ვგეგმავდით, მაგრამ თავად ძიუდოისტებთან შეთანხმებით და მთელი რიგი საკითხების გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ, მათაც მივცეთ თავის გამოვლენის შანსი, მითუმეტეს, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს შორის არცთუ დიდი დროის პერიოდია. ვიმედოვნებ, კარგი შედეგი გვექნება, გამოჩნდება უკეთესი გამძლეობა, რისი პრობლემაც ყველაზე აქტუალური იყო და რაც მთავარია, იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება” – განაცხადა პიტერ ზაიზენბახერმა.
საქართველოს ნაკრები წინასაჩემპიონატო დასკვნით შეკრებას დუშეთში, ოთხ დღეში დაასრულებს, თურქეთში კი ოც აპრილს, გამთენიისას გაემგზავრება. ოთხდღიანი ტურნირის პირველ სამ დღეს მედლები ინდივიდუალურ ჩათვლაში გათამაშდება, ბოლო დღეს – გუნდურში.
ოთარ მაღლაკელიძე







