კალათბურთი

17:57 | 20.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტზე ვარსკვლავების გარეშე – გაიზრდება თუ არა საქართველოს შანსები ესპანეთთან?

ესპანეთის ნაკრები, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, შესაძლოა, სლოვენიურ ტურნირზე ამჟამინდელი თავკაცის სერხიო სკარიოლოს და წამყვანი მოთამაშეების – ფელიპე რეიესის, პაუ და მარკ გასოლების, ხუან კარლოს ნავაროს და ხოსე კალდერონის გარეშე წარსდგეს. აღნიშნულის შესახებ რადიო Cadena Ser-თან ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე ლუის საეზმა ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სკარიოლომ ესპანელებთან მუშაობა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გუნდმა აიტო გარსია რენესესის ხელმძღვანელობით ვერცხლის მედლები მოიპოვა. სერხიოს მეთაურობით პირენეელებს ასევე ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდათ. მისმა გუნდმა თავი უკვე 2009 წელს ისახელა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ”მადლობას ვუხდი, ესპანური კალათბურთის ხელმძღვანელობას ამ ”ფერარის” მართვის უფლება რომ მანდო”, - განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა პოლონეთში ჩატარებული პირველობის მოგების შემდეგ.
მართალია, 2010 წელს თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელებმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხეს, ის კი არადა, საპრიზო სამეულში გასვლაც ვერ შესძლეს, თუმცა, შემდეგ ისევ დიდებული პერიოდი დადგა. სკარიოლოს ნაკრებმა 2011 წელს ლიტვაში გამართული ევრობასკეტზე ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიგო, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე კი მხოლოდ ფინალში წაიფორხილა და ისიც, ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ აშშ-ს გუნდთან.
ცხადია, ასეთი შთამბეჭდავი პერიოდის შემდეგ, ესპანური კალათბურთის მმართველმა იტალიელის მოღვაწეობას შესაბამისი შეფასება მისცა. ”ოთხწლიანი კონტრაქტის განმავლობაში, სერხიომ მისთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა პირნათლად შეასრულა. თავად სკარიოლო კვლავაც ენთუზიაზმით არის აღვსილი და მზადაა მუშაობა გააგრძელოს, თუმცა, საკითხი მხოლოდ სპორტულ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ”.
როგორც უკვე მიხვდებოდით, სკარიოლოს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, კონტრაქტის განახლებაზე მისი და ხოსე ლუის საეზის შეხვედრა კი მომავალ კვირაში იგეგმება და იქ ბევრი რამ გაირკვევა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახალი (ან იგივე) თავკაცის ვინაობა ორი კვირის თავზე აუცილებლად ცნობილი იქნება და მას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მოსამზადებლად 10-თვიანი ვადა ექნება.
სხვა საქმეა, რომ ლუის საეზი გარკვეულ მინიშნებებს აქედანვე იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მას სკარიოლოსთან უთანხმოება არასოდეს ჰქონია, პრეზიდენტს იტალიელი სპეციალისტის რთული გრაფიკი და ამის გამო, მისი გადაღლილობა აწუხებს, რამაც შესაძლოა ასახვა შედეგებშიც ჰპოვოს.
”სპორტულის გარდა უამრავი ასპექტია, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. სერხიოს ოჯახი ჰყავს და გარკვეული დროს მას უნდა დაუთმოს. გარდა ამისა, იგი მთელი წელი კლუბში მუშაობს, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატის გარდა ევროლიგასა და სხვა ტურნირებში თამაშიც უწევს. შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირაში გველის, ამ საკითხებზეც ვისაუბრებთ და იმედია, ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც ნაკრებისთვის იქნება სასარგებლო”.
თუკი სკარიოლოს გუნდიდან წასვლა ესპანელთათვის კატასტროფული არ უნდა იყოს (არა გვგონია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს სოლიდური სპეციალისტის მოძიება გაუჭირდეს), შესაძლოა, დიდ დარტყმად იქცეს მომავალ ევრობასკეტზე წამყვანი მოთამაშეების არყოფნა.
მადრიდის ”რეალის” 32 წლის ცენტრმა ფელიპე რეიესმა, რომელიც გასულ ევროპის ჩემპიონატზე საშუალოდ 5.0 ქულას და 2.8 მოხსნას აგროვებდა, სექტემბერში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მომავალ ზაფხულს დასვენებას გეგმავენ ძმები – პაუ (საშუალოდ 20.1 ქულა და 8.3 მოხსნა – 2011 წლის ევრობასკეტზე) და მარკ გასოლები (13.3 ქ. 7.3 მ.), ხუან კარლოს ნავარო (18.7 ქ. 3.0 პ.) და ხოსე კალდერონი (5.9 ქ. 3.2 მ. 2.7 პ.).
ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ეს ცნობა რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, განცხადებიდანაც სჩანს. ”ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ გუნდის საევროპო განაცხადზე ვისაუბროთ. ვინ იქნება ნაკრებში და ვინ არა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, სიურპრიზებს აუცილებლად უნდა ველოდეთ. მაგალითად, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, პაუ გასოლის 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება თითქმის წარმოუდგენლად მოსჩანდა, მაგრამ იგი პოლონეთში მაინც ვიხილეთ”, - აღნიშნა ხოსე ლუის საეზმა.

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098375