რომის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში პირველი ნახევარფინალისტი ესპანელი დავიდ ფერერი (6) გახდა, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში ფრანგ რიშარ გასკეს (16) 7:6 (7:4), 6:3 მოუგო. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა ტურნირს მსოფლიოს რეიტინგსიის მეოთხე ნომერი ჩოგანი ენდი მარეი ჩამოაშორა. გასკესთან დაპირისპირებისას ფერერმა 3 ეისი და 6 შესაძლო ბრეიკ-პოინტიდან 3 შეასრულა.
ნახევარფინალში დავიდ ფერერის ოპონენტი რომის შეჯიბრების შარშანდელი ფინალისტი რაფა ნადალი იქნება. 3 მილიონ 200 ათასი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის მეოთხედფინალში “მალიორკელმა ბუღამ” ჩეხი ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგობა 2 საათსა და 6 წუთში გატეხა - 6:4, 7:5. ნადალმა 2 ეისი განახორციელა, მისი პირველი მოწოდების სიზუსტემ კი 77 პროცენტი შეადგინა.
ნახევარფინალში გავიდა რომის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. "ნოლემ" საათსა და 23 წუთში აფროფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (5) 7:5, 6:1 სძლია და დიდი ალბათობით, გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად როჯერ ფედერერს შეხვდება. შვეიცარიელი ბოლო მეოთხედფინალში მოგვიანებით იტალიელ ანდრეა სეპის გამოცდის.







