ფეხბურთი

0:56 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა დაგვინდო და ორი გოლი გვაკმარა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ბელარუსთან გამარჯვებით გახსნა და როგორ შემდგომში გაირკვა, ეს თემურ ქეცბაიას გუნდის ერთადერთი მოგება აღმოჩნდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო შეხვედრა ალბასეტეში სტადიონ “კარლოს ბელმონტეზე” მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ჩაატარეს და 0:2 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ალვარო ნეგრედომ მოახერხა, მეორეში კი თავი შეცვლაზე შესულმა ხუან მატამ გამოიჩინა. შედეგად, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა ბრაზილიაში დაგეგმილი ტურნირის საგზური მოიპოვეს, მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს კი, რომელმაც ფინეთს 3:0 სძლია, ფლეი ოფში თამაში მოუწევს.

ქართველთა გასულ მატჩზე კი სასაუბრო ბევრიც არაფერია. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ. საქართველოს ნაკრებში ხომ მაღალი დონის მოთამაშეები არც ის ბევრია და მას შემდეგ, რაც გუნდს სხვადასხვა მიზეზთა გამო არაერთი წამყვანი ფეხბურთელი (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე) დააკლდა, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი გახლდათ.

ქეცბაიას შეგირდებმა 90 წუთი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარეს და ალბათ, წარმატებულ შედეგად იმას თუ ჩათვლიდნენ, რომ სახელოვან მეტოქესთან დიდი ანგარიშით არ დამარცხნენ.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა შესარჩევ ციკლში 8 მატჩში 5 ქულა მოაგროვეს და ნუგეშად ის თუ დარჩებათ, რომ I ჯგუფში ბელარუსს აჯობეს და ბოლო ადგილს თავი აარიდეს... 

 

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. “კარლოს ბელმონტე”. ალბასეტე (ესპანეთი).

ესპანეთი – საქართველო 2:0 (1:0)

ესპანეთი: კასილასი (კაპ.), ხუანფრანი, პიკე, რამოსი, მორენო, ხავი (კოკე, 66), ბუსკეტსი, ინიესტა (ისკო, 82), ნავასი, ნეგრედო, პედრო (მატა, 58).

მწვრთნელი: დელ ბოსკე.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხიდეშელი, კაშია (კაპ.), კვირკველია, ხუბუტია, ე.გრიგალაშვილი (ხმალაძე, 75), ძარია, კობახიძე, შ.გრიგალაშვილი (ებრალიძე, 69), გელაშვილი (მოდებაძე, 87).

მწვრთნელი: ქეცბაია.

გოლები: ნეგრედო (26), მატა (61).

გაფრთხილება: ხუბუტია (55).

მსაჯი: მაიერი (გერმანია).

 

საბოლოო მდგომაერობა

1. ესპანეთი 8 6 2 0 14:3 20

2. საფრანგეთი 8 5 2 1 15:6 17

3. ფინეთი 8 2 3 3 5:9 9

4. საქართველო 8 1 2 5 3:10 5

5. ბელარუსი 8 1 1 6 7:16 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130002