სხვა

23:24 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია

 

დღეს, სასტუმრო “holidei in”-ში Wings for Life World Run-ის ოფიციალური პრეზენტაცია – პრესკონფერენცია გაიმართა. Wings for Life არაკომერციული ფონდია, რომელიც ორიენტირებულია ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობაზე, მხარს უჭერს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება პროექტს, რომელიც საქველმოქმედოა და მთელს მსოფლიოს აერთიანებს, საქართველოში კომპანია “რედ ბულის” მხარდაჭერით განხორციელდება. ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა Wings for Life-ის ფონდს გადაეცემა.

პრეზენტაციას მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს, საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამსწრეთ მომავალი ღონისძიების შესახებ კავკასიაში “რედ ბულის” სპორტისა და ღონისძიებების მენეჯერი ბექა გოლეთიანი ესაუბრა.

“2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება. საქართველოს დროით 13:00 საათზე 5 კონტინენტის 40-ზე მეტ ქვეყანაში ორასი ათასზე მეტი მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით – საწყისი სამი საათი 15 კმ/სთ სიჩქარით, შემდეგი ორი საათი 20 კმ/სთ, ხოლო მეექვსე საათი - 25 კმ/სთ სიჩქარით. მორბენალი, რომელსაც “ფინიშ მანქანა” გადაუსწრებს, შეჯიბრს ავტომატურად გამოეთიშება. საქართველოში ღონისძიება, ლოპოტის ტბის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართება. შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. განხორციელდება აბსოლუტურად ყველა გარბენის გლობალური პირდაპირი ეთერი. უშუალოდ ადგილზე კი მიმდინარეობას უცხოელი სპეციალისტები გააკონტროლებენ” – განაცხადა ბექა გოლეთიანმა.

დამსწრეთ პროექტის კოორდინატორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა მაია აზარაშვილმა და მხარდამჭერებმა: ქართული ინტელექტ-კლუბის ვარსკვლავმა გიორგი ბაქრაძემ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმაც მიმართეს:

მაია აზარაშვილი:

“მადლობა, რომ ამ უნიკალურ პროექტში მონაწილეობის უფლება მომეცით. ბედნიერი ვიქნები, თუ მარათონში ჩართული მოხალისეების რაოდენობით გამოვირჩევით და შეჯიბრებას ისეთ დონეზე ჩავატარებთ, რომ მომავალ წელს უცხოეთის რბენების ჩემპიონები საქართველოს აირჩევენ”.

ირაკლი მაჩხანელი:

“მარათონისა და სირბილის ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ ამ პროექტს სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ტრავმის გამო მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება და მათ დასახმარებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ”.

ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია-პრეზენტაციის დამსწრეთ სპეციალური ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელშიც მსოფლიოს ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობს, მათ შორის - ფორმულა ერთის ლეგენდარული მრბოლები სებასტიან ფეტელი, დავიდ კულტჰარდი და ედი ჯორდანი, აგრეთვე სერფინგის ვარსკვლავი რობი ნეში.

“მსოფლიო რბენის” შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან ჭინგს ფორ Lიფე ჭორლდ ღუნ-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მომავალ წელს იმ ქვეყნის რბოლაში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც თავად აირჩევს. ხარჯებს კი “რედ ბული” აუნაზღაურებს.

„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს. მონაწილეობის საფასური  20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157229