გრძელდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მასპინძლობს. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ლიდერთა მონაწილეობით. მეექვსე ტურამდე ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (5 ქულა) იყო, რომელიც ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (4) ხვდებოდა. გამარჯვება სტეფანოვას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შეხვედრაა, რომელიც ერთპიროვნულმა ლიდერმა ჩმილიტემ წააგო.
დანარჩენ შეხვედრებში, დიდ ინტერესს იწვევდა მომდევნო ადგილებზე მყოფ მოჭარდაკეებს შორის დაპირისპირება, რომლებსაც 4-4 ქულა ჰქონდათ. ამ ქულების მქონე მოჭადრაკეებიდან, საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა, ლილიტ გალოიანს (სომხეთი) მოუგო, ბელა ხოტენაშვილმა დაამარცხა ნაზი პაიკიძე, ეკატერინა ლაჰნომ (უკრაინა) მოუგო ნინო ხურციძეს. დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეებიდან, რომლებსაც 2,5-2,5 ქულა ჰქონდათ, ამ წუთისათვის დამთავრებული პარტიებიდან, ქეთი წაწალაშვილმა მოუგო ანაიტ ხარატიანს (სომხეთი), მაია ლომინეიშვილმა ელენა სემიონოვას (რუსეთი), სოფო გურამიშვილმა ნაზი ფატალიევას (აზერბაიჯანი).
რაც შეეხება მაკა ფურცელაძეს, იგი დამარცხდა ელინა დანიელიანთან (სომხეთი), ხოლო ევა მოზერის (ავსტრია) და ნანა ძაგნიძის პარტია ყაიმით დასრულდა.







