ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ერის წლევანდელი გათამაშების ცენტრალურ შეხვედრაში ისტორიული მეტოქე ავსტრალია დაამარცხა და ამით 1931 წელს დაწესებული “ბლედისლოუს თასი” შეინარჩუნა, “სამი ერის თასის” შენარჩუნებისკენ კი, დიდი ნაბიჯი გადადგა.
“ბლედისლოუს თასი”, რომელიც მთლიანად ვერცხლისგანაა დამზადებული და დღეისათვის მოცულობით ყველა სხვა თასზე დიდია, მხოლოდ ავსტრალიისა და ზელანდიის ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ბოლო პერიოდში თასის მფლობელი ის გუნდი ხდება, რომელიც წლის განმავლობაში მეტ გამარჯვებას მოიპოვებს. თუ მოგება-წაგება თანაბარი აღმოჩნდება, მაშინ თასი წინა მფლობელის საკუთრებაში რჩება. რადგან მსოფლიო თასის შეხვედრები ასეთი თასების გათამაშებაში არ ითვლება, ავსტრალია და ზელანდია კი, წელს ერთმანეთს სამ ერზე მხოლოდ ორჯერ ეთამაშებიან, “ოლ ბლექსმა” “ბლედისლოუს თასი”, რომელიც 2003 წელს დაიბრუნა, ზედიზედ მერვედ შეინარჩუნა.
შეხვედრა ოქლენდში, იმ “იდენ პარკზე” გაიმართა, რომელიც 23 ოქტომბერს მსოფლიო თასის ფინალს უმასპინძლებს, და მას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. მანამდე სამ ერზე გუნდებს თითო მოგება ჰქონდათ, ორივემ სამხრეთ აფრიკის “დუბლი” (აფრიკელებს სხვადასხვა მიზეზების გამო ოცამდე მორაგბე აკლდათ) დიდი სხვაობით დაამარცხეს და ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულებიც ჩაიწერეს. ავსტრალიას “იდენ პარკზე” 25 წელია, გამარჯვება არ ეზეიმა და თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ უკვე მე-5 წუთზე ზელანდიელებმა ბურთი ჩაჭრეს, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, იქ მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და დენ კარტერმა კარის გასწვრივ 35 მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
მალე პირველი ლელო გავიდა. პირი ვიპუმ რაქიდან ბურთი აიტაცა და გრძელ ფრთაზე პასის ნაცვლად მოულოდნელად მოკლე ფრთიდან შეუტია. მოულოდნელი წინსვლით მან მარცხენა ფლანგზე მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც კარგად სტივენ სივავატუ გაისარჯა, ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანს 4 მეტრამდე მიუახლოვდა, სულ ბოლოს კი, ბურთი მაა ნონუმ აიტაცა, მცველებს შორის გზა გაიკაფა და ცალი ხელით ავსტრალიის ჩათვლის მოედნის ხაზს იქით გადადო. კარტერმა რეალიზაცია გამოიყენა და მე-10 წუთზე ტაბლოზე 10:0 დაფიქსირდა. ტაიმის შუაწელს ავსტრალია სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და ზელანდიელთა ჩათვლის მოედანს 5 მეტრამდე მიუახლოვდა. სტუმრებმა ჯარიმის დარტყმას შერკინება არჩიეს, იქიდან გამოტანილი ბურთი ქვეიდ კუპერმა ფეხით “ოლ ბლექსის” ჩათვლის მოედანში ჩაკიდა, მაგრამ სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა და დიგბი იოანემ მისი დაჭერა ვეღარ მოახერხა.
მთლიანობაში, ზელანდია აქცენტს ხელით თამაშზე და სწრაფ გარღვევებზე აკეთებდა, ავსტრალია კი, ფეხით გადაკიდებებს ხშირად იყენებდა. სწორედ ამის ბრალია, შესვენებამდე ავსტრალიას დიდი ტერიტორიული უპირატესობა რომ ჰქონდა (68 პროცენტი 32-ის წინააღმდეგ) და ბურთსაც მეტხანს აკონტროლებდა (55 პროცენტი), მაგრამ ამას ოზებისთვის შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, კვლავ ორიგინალური იყო ვიპუ, ვინაც 28-ე წუთზე კიდევ ერთი კარგი გარღვევა განახორციელა, მერე მას მხარი კარტერმა, ნონუმ და ქირან რიდმა აუბეს, თითქმის ცენტრში მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მიაღწიეს, ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი მალილი მულიაინამ აიტაცა და მცველთან ჭიდაობაში ჩათვლის ხაზს იქით გადატენა, ხოლო კარტერმა გარდასახვა გამოიყენა - 17:0.
30-ე წუთზე ჯეიმზ ოქონორმა ანგარიშის სხვაობის შემცირების შანსი დაკარგა, როდესაც შორეული ჯარიმა მიზანს ააცილა. ამას ავსტრალიელთა მორიგი მიძალება მოყვა, მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთხელ შეაღწიეს ზელანდიელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, მაგრამ იქ ბურთი დაკარგეს, მერე კარტერს მისი გატანისას დაუფარეს და შეტევა განაგრძეს, მაგრამ უსწრაფესმა ზელანდიელებმა ხაზის გადაწყობა მიასწრეს და სიტუაცია განმუხტეს. შედეგად, ოქონორმა ერთხელაც მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ მიზანი ვერც ამჯერად გაისწორა. დასკვნითმა ათმა წუთმა ზელანდიის ნახევარზე განვლო, მაგრამ “ოლ ბლექსმა” კარგი დაცვა ითამაშა, ავსტრალიას გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე დააკლდა და “ვოლაბზი” პირველ ტაიმში უქულოდ დარჩა.
ოქონორს ანგარიშის დასველების საშუალება მეორე ნახევრის დასაწყისში მიეცა, მაგრამ 40 მეტრიდან ააცილა. სამაგიეროდ, თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა კარტერმა და 47-ე წუთზე 25 მეტრიდან გატანილი არეკნით ზელანდიის ფორა 20 ქულამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს კარტერისთვის ბოლო ხუთ წელიწადში ეროვნულ გუნდში გატანილი პირველი არეკნია, სულ კი, მის ანგარიშზე მხოლოდ 3 სანაკრებო არეკნია. ამის შემდეგ “შავებმა” ცოტა “აურიეს”, ზედიზედ რამდენჯერმე საკუთარი დერეფანიც წააგეს და 52-ე წუთზე რაღაც ავსტრალიასაც გამოუვიდა.
ვილ გენიას გენიალური გადაცემის შემდეგ, ქერთლი ბილმა გარღვევაზე დიგბი იოანე გაიყვანა, მანაც დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ლელო გაიტანა, კუპერმა კი გარდასახვით ავსტრალიას იმედი დაუბრუნა. მაგრამ, განახლდა თუ არა თამაში, ბურთი კონრად სმიტმა მოიგო და სტივენ სივავატუს მაღალ სიჩქარეზე მეტოქის ჩათვლის მოედანში გააყოლა, კარტერმა კი, დარტყმა კვლავ უნაკლოდ შეასრულა და ერთ წუთში სტატუს ქვო აღადგინა – 27:7. ამის მერე ავსტრალია სულ აირია, ზელანდია მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და ლამის მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა, მაგრამ მხოლოდ კარტერის ჯარიმით მოუწია დაკმაყოფილება და 68-ე წუთზე ანგარიში 30:7 გახდა. 77-ე წუთზე ავსტრალიამ მარცხნიდან მარჯვნივ გრძელი პასით ფლანგზე უპირატესობა მოიპოვა, როქი ელსომი ბოლო მცველს გაექცა და ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 30:14 ახალი ზელანდიის სასარგებლოდ.
ახლა ზელანდია ერთი კვირით დაისვენებს, ავსტრალია კი, სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და დანაკლისის ანაზღაურებას 13 აგვისტოს დურბანში, “ბოკესთან” შეეცდება. 20 აგვისტოს სამხრეთ აფრიკას უკვე ავსტრალია ესტუმრება, სამი ერის დასკვნითი შეხვედრა კი, 27 აგვისტოს ბრისბენში, ავსრალიასა და ახალ ზელანდიას შორის გაიმართება.
2011 წლის სამი ერი
23 ივლისი. ავსტრალია. სიდნეი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 39:20
30 ივლისი. ახალი ზელანდია. ველინგტონი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 40:7
6 აგვისტო. ახალი ზელანდია. ოქლენდი
ახალი ზელანდია - ავსტრალია 30:14
| 1 | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 70-21 | 9 |
| 2 | ავსტრალია | 2 | 1 | 0 | 1 | 53-50 | 5 |
| 3 | სამხრეთ აფრიკა | 2 | 0 | 0 | 2 | 27-79 | 0 |
13 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. დურბანი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია (19:05 თბილისის დროით)
20 აგვისტო. სამხრეთ აფრიკა. პორტ ელიზაბეტი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (19:05)
27 აგვისტო. ავსტრალია. ბრისბენი
ავსტრალია - ახალი ზელანდია (14:00)
ზურა ქსოვრელი







