ჩოგბურთი

16:21 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მოგებით მეოთხედფინალში

დევისის თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, როჯერ ფედერერი როტერდამის ტურნირში ჩაება და შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელს მეოთხედფინალში გასასვლელად ერთადერთი შეხვედრის ჩატარებაღა დასჭირდა. ჰოლანდიის საპორტო ქალაქის ტურნირის პირველ წრეში ფედერერი ფრანგ ნიკოლა მაიუს შეხვდა. სადიდსლემო ასპარეზობების 16-გზის გამარჯვებულმა ფრანგი ოპონენტი საათსა და შვიდ წუთში 6:4, 6:4 დაამარცხა, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “მაიუ სახიფათო მოწინააღმდეგეა, რაც ამჯერადაც დაამტკიცა. ნიკოლა კარგად აწოდებდა და ბურთსაც სწრაფად ათამაშებდა. რიტმის დაჭერა საკმაოდ გამიჭირდა, თუმცა, საბოლოოდ წინასამატჩოდ დასახული ამოცანა შევასრულე და იმედია, მომდევნო შეხვედრას უკეთ ჩავატარებ. 2005 წელს როტერდამში პლანეტის რეიტინგსიის პირველი ნომრის სტატუსით ვასპარეზობდი და ტურნირის მოგებაც მოვახერხე. მას შემდეგ როტერდამში არ მითამაშია და ძალიან გამიხარდა, როდესაც კორტზე გამოჩენისას, აქაური მაყურებელი ოვაციებით შემხვდა. ყოველმხრივ შევეცდები, ისინი კარგი თამაშით გავახარო”.

მეორე წრეში ფედერერს რუსი მიხაილ იუჟნის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მხრის ტრავმის მომიზეზებით ასპარეზობაზე უარი განაცხადა. ასე და ამგვარად, “მხიარული როჯერი” მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა და ამ ეტაპზე მისი ოპონენტი ფინელი იარკო ნიემინენი იქნება.
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089177