ფეხბურთი

20:57 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე ამხანაგურ მატჩამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდთან სათამაშოდ უკვე ორი დღეა შვეიცარიაში ემზადება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გუნდში არაერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ნაკრებს საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმის გამო გამოაკლდა. ესპანეთსა და შვეიცარიაში კი, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმები გაურთულდა და გუნდი დატოვა.

დღევანდელ ვარჯიში კიდევ ერთი დანაკლისით ჩატარდა. სავარაუდოდ, 3 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს თბილისის “დინამოს” წევრი ოთარ მარცვალაძე.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატში 31 მაისს ბოლო თამაში ჩაატარა. ნაკრები ამ დროისთვის შვეიცარიაში 22-კაციანი შემადგენლობით იმყოფება.

საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან მატჩებისთვის ნაკრებში სამი დებიუტანტია – გიორგი პაპავა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბოლო 20 წუთი ითამაშა, გიორგი ნადირაძე და 18 წლის გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ბოლო ორი დღეა ეროვნულ ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

მომავალი მატჩი 3 ივნისს, ჟენევასთან ახლოს, მეირინის STADE DES ARBÈRES-ზე, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. 

 

სფფ-ის პრესსამსახური, შვეიცარია

0.116131