20 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში თბილისის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. დაიგო მოედნის ახალი საფარი, დამონტაჟდა განათების ახალი პროჟექტორები, დაიდგა ახალი გენერატორი. ჩატარებული სამუშაობის შესახებ:
სანდრო შახოვი (“ეროვნული” სტადიონის დირექტორი): “მოგეხსენებათ, სექტემბრის თვეში სტადიონი თბილისის “დინამოს” გადაეცა. კლუბმა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა აქცენტი. კარგია, რომ ინვესტიციები იდება და არენა თანამედროვე სახეს მიიღებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. გამოიცვალა მოედნის საფარი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კლიმატური პირობებისთვის იქნა შერჩეული. ამიერიდან სტადიონზე შეგვიძლია უმაღლესი დონის მატჩების მასპინძლობა. ჩვენ შევცვალეთ განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი 2000 ლუქსიანი პროჟექტორები. ზამთარში, როდესაც ჩვენს ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდება, კვლავ იგეგმება სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაგრძელება, რის შესახებაც გულშემატკივართათვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”.
დავით ენდელაძე (შპს. გრინტექსის წარმომადგენელი): “მას შემდეგ რაც სტადიონი საფეხბურთო კლუბ “დინამოს” გადაეცა, მოედნის საფარის შეცვლის სურვილიც გაჩნდა. ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ აირჩა ბალახის ის სახეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებთან თავსებადი გახლავთ. მსგავსი ტიპის საფარი დაგებულია კიევის “დინამოსა” და დონეცკის შახტარის სტადიონებზეც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე ტიპის საფარი იქნება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთ-უკრაინაში 2012 წელს გაიმართება”.
www.fcdinamo.ge-ს ინფორმაცია









