იტალიელმა სარა ერანიმ (21) საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში ავსტრალიელ სამანტა სტოსურს 7:5, 1:6, 6:3 მოუგო და საკუთარი კარიერის განმავლობაში პირველად გააღწია სადიდსლემო შეჯიბრების ფინალში. ავსტრალიელისა და აპენინელის პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში, დაძაბულად წარიმართა. ერანიმ მხოლოდ მის მიწურულს მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა და 7:5 იმარჯვა. მეორე პარტიაში სტოსური 4:0 დაწინაურდა და საქმეც მოგებამდე უმტკივნეულოდ მიიყვანა. დასკვნით სეტში აპენინელმა 3:0 წაიყვანა, რის შემდეგაც “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელმა ანგარიში გააყაიმა. გადამწყვეტ მომენტში ერანის მეტი ენერგია აღმოაჩნდა შერჩენილი და “როლან გაროსის” ფინალშიც გავიდა. ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ დღევანდლამდე სტოსური და ერანი ერთმანეთს ხუთჯერ იყვნენ შეხვედრილები და ხუთივე პაექრობა ავსტრალიელის გამარჯვებით დასრულებილიყო.
საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში სარა ერანი მარია შარაპოვასა და პეტრა კვიტოვას შორის მოგებულს შეხვდება.







