ჩოგბურთი

14:58 | 25.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ექვსივე ქართველი საქმეშია

თურქეთის ქალაქ იზმირის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ეკატერინე გორგოძემ ეს პატივი საკვალიფიკაციო მატჩების გავლის შემდეგ მოიპოვა, სოფო შაფათავა, მანანა შაფაქიძე და სოფო ქვაცაბია კი პირდაპირ მთავარ ტურნირში იყვნენ დაშვებულნი.
კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ რაუნდში დაისვენა, მეორეში კი თურქ იდილ ჰაჩირაფოღლუს 6:2, 6:0 სძლია, რისი წყალობითაც ძირითად ბადეში გააღწია. ახლა, ეკატერინეს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე იტალიელი ჯულია გატო-მონტიჩონე იქნება.
სოფო შაფათავას პირველი მოწინააღმდეგე შვეიცარიელი ამრა სადიკოვიჩია, სოფო ქვაცაბაია მსოფლიოს ყოფილ 35-ე ჩოგან (2007 წლის ივლისში) ავსტრიელ ტამირა პაშეკს გაეჯიბრება, ხოლო მანანა შაფაქიძე მე-2 ნომრად მიჩნეულ გერმანელ სარა გრონერტს ეთამაშება. 
წყვილთა ტურნირში ქართველმა გოგონებმა განსხვავებული სტარტი აიღეს. მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე და შაფათავა ბრაზილიელ ალვეშთან და ხსენებულ პაშეკთან 1:6, 4:6 დამარცხდნენ, ხოლო ქვაცაბაიამა და შაფაქიძემ გაცილებით რთულ ბრძოლაში რუს არტამონოვასა და დანიელ ბარბატს 1:6, 6:4, 10:4 სძლიეს.
მეოთხედფინალში ქართული დუეტი, სავარაუდოდ, მე-3 რეიტინგის მქონე იტალიურ წყვილს (გატო-მოტნიჩონე-კუერსია) დაუპირისპირდება.
გაირკვა საქართველოს პირველ-მეორე ჩოგნების ანა ტატიშვილისა და ოქსანა კალაშნიკოვა მეტოქეთა ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გოგონები ძალებს იტალიის ქალაქ გრადოს ასევე 25-ათასიან ტურნირში სცდიან.
ძირითად ბადეში მე-6 ნომრად განთესილი ტატიშვილი ჩინელ ჯინგ-ჯინგ ლუს ეთამაშება, ხოლო მე-7 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან მოსინჯავს.
წყვილთა ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელებმა ერთად თამაში არ ისურვეს და თუკი წარმატებით იასპარეზეს, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
პირველ ნომრად მიჩნეული კალაშნიკოვასა და პოლონელი კიშჩინსკას დუეტი საწყის რაუნდში ხორვატულ ტანდემს (მიაჩიკა-ვრლიჩი) გაეჯიბრება, მე-2 რეიტინგის მქონე ტატიშვილი და ავსტრალიელი მური კი მასპინძლებს – დი ჯიუზეპესა და რემონდინას ეთამაშებიან.
დასასრულ, ქართული ვაჟთა ჩოგბურთის წარმომადგენელ ნიკოლოზ ბასილაშვილზეც ვთქვათ, რომელსაც მორიგი მარცხი შეემთხვა. კალიფორნიული კარსონის 50-ათასიანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ჩვენებურმა ამერიკელ კონორ პოლოკთან 4:6, 6:1, 3:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095427