ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2010 წლის კალენდარი გამოაქვეყნა. ახალ სეზონს 16 იანვარს სამხრეთკორეული მასტერსი გახსნის, ევროპაში კი პირველ ტურნირებს, 30-31 იანვარს, საქართველო და ბულგარეთი უმასპინძლებენ.
ბულგარეთის მსოფლიოს თასი ქალ ძიუდოისტებს შორის გათამაშდება, ხოლო თბილისურ ტატამზე ტრადიციულად, მამაკაცები გავლენ.
თებერვალში ევროპაში კიდევ ოთხი მსოფლიოს თასი გაიმართება – 13-14-ში ვენასა (კაცები) და ბუდაპეშტში (ქალები), 27-28-ში კი პრაღასა (კაცები) და ვარშავაში (ქალები). ამასთან, 2-ჯერ დიდი სლემიც გათამაშდება – 6-7 თებერვალს პარიზში და 27-28 თებერვალს დიუსელდორფში. გერმანული ტურნირის შემდეგ ევროპულ ტატამზე ორთვიანი პაუზა გამოცხადდება. დროის ამ მონაკვეთს ძიუდოისტები კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.
ევროპის ჩემპიონატი 23-25 აპრილს ვენაში გაიმართება. ზაფხულის ბოლომდე საერთაშორისო კალენდარით 10 მსოფლიოს თასი, 2 დიდი სლემი და 1 დიდი პრიზი გათამაშდება. 21-25 აგვისტოს, სინგაპურში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაიშლება ძიუდოს ტატამი. 2010 წლის სეზონის უმთავრესი ტურნირი – მსოფლიოს ჩემპიონატი კი ძიუდოს სამშობლოში – იაპონიაშია დაგეგმილი. 9-13 სექტემბერს, ტოკიოში, ტრადიციულ შვიდ წონით კატეგორიასთან ერთად, მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტი აბსოლუტურ წონაშიც გამოვლინდება.
14-17 ოქტომბერს, მაროკოს ქალაქ აგადირში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 20-წლამდელთა შორის გამოვლინდებიან, ხოლო 30-31 ოქტომბერს სტამბოლში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდება. სეზონი კი 10-12 დეკემბერს დაგვირგვინდება, ტოკიოს დიდი სლემით.
ოთარ მაღლაკელიძე







