ძიუდო

20:40 | 26.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა გადადებულიც გადადეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ჯერაც უპრეზიდენტოდაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დავით ხახალეიშვილს შეეძლო დელეგატებისგან არჩეული პრეზიდენტი გამხდარიყო. იყო მეორე ვარიანტიც – დელეგატების უმეტესობას მხარი მეორე კანდიდატისთვის – მამუკა ხაბარელისთვის დაეჭირათ და პრეზიდენტიც ის გამხდარიყო, მაგრამ პოსტი კვლავ თავისუფალია, ხახალეიშვილის და ხაბარელის გაპრეზიდენტების შანსი კი ნულის ტოლია. კანდიდატებმა, რომლებმაც წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კანდიდატურები მოხსნეს.
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არჩევნები უნდა გადადებულიყო, ძიუდოს შიდა წრეებში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გავრცელდა. დღეს დილით კანდიდატებს ტელეფონით შევეხმიანეთ. დავით ხახალეიშვილმა ჩვენს ზარს არ უპასუხა. მამუკა ხაბარელმა კი გვითხრა, რომ არჩევნების გადადება უკვე გადაწყვეტილი იყო და იქვე პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის, დავით ქევხიშვილის შესახებ გავრცელებული ხმებიც დაგვიდასტურა.
ხაბარელის განცხადებით, ქევხიშვილის კანდიდატურის გამოჩენა ქართულ ძიუდოში ბოლო პერიოდში აგორებული დაპირისპირების დასასრულებლად საუკეთესო გამოსავალია. მისგანვე შევიტყვეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მეორე მხარესთანაც მიაღწია.
“ყრილობა ჩატარდება, ოღონდ დღის წესრიგის უმთავრესი საკითხის გარეშე. დღეს დილით კანდიდატურა ორივე კანდიდატმა მოხსნა” – გვითხრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მისულ ჟურნალისტებს. დარბაზში პრეზიდენტობის კანდიდატები არ სჩანდნენ და როგორც შევიტყვეთ, მოსვლასაც არ აპირებდნენ. ის კი არა, კარგა ხანს, დელეგატთა ქვორუმის შეკრებაც ვერ ხერხდებოდა. ხმის უფლების მქონე 51 დელეგატიდან სიაში 49 იყო დარჩენილი (ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ნამგალაურმა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრობაზე უარი ადრიანადვე თქვეს). შესაბამისად, ქვორუმს 25 დელეგატის შეკრება სჭირდებოდა და შეიკრიბა კიდეც, ოღონდ დაახლოებით 45 წუთის დაგვიანებით.
რეგისტრაცია 29 დელეგატმა გაიარა. ყრილობის წამყვანმა, ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ დამსწრეთ პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები გააცნო. ხმის უფლების მქონეებმა ორივე განცხადება ერთხმად დააკმაყოფილეს. ერთხმადვე დაამტკიცეს მორიგი რიგგარეშე ყრილობისა და შესაბამისად, არჩევნების თარიღი – 10 დეკემბერი და პრეზიდენტობის მსურველთათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 7 დეკემბერი. ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი სამუშაო საკითხებიც ამით ამოიწურა. თუმცა, ერთსულოვნად ჩალაპარაკებული ყრილობის მშვიდადვე დასრულება მაინც ვერ მოხერხდა – აღმასკომის წევრმა შოთა ხაბარელმა ფედერაციის აღმასკომის წევრთა სიიდან იმ პირების ამოღება მოითხოვა, რომლებიც თავის დროზე იქ ძირითადად პოლიტიკური ნიშნით შეიყვანეს. გვარებიც დაკონკრეტდა: პარლამენტის სპორტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ასანიძე, ტყვიის სროლის ფედერაციის ექსპრეზიდენტი გიორგი უდესიანი, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ ჩიქობავა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი. დარბაზიდან იკითხეს, თავის დროზე როგორ მოხვდნენ ეს ბატონები დელეგატთა სიაშიო, რაზეც ვლადიმერ ნუცუბიძემ უპასუხა, რომ მაშინ სიები სპორტის სამინისტროში ივსებოდა.
პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ დელეგატთა შორის მოხსენიებით განაწყენებულმა მერაბ ჩიქობავამ დამსწრეთ მოახსენა, რომ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს პოლიტიკური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. იქამდე გიორგი ასანიძემაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტი არ ყოფილა, სპორტის ამ სახეობის წინსვლით სხვებზე არანაკლებ იყო დაინტერესებული.
მეტ-ნაკლებად ნელთბილი რეპლიკების გაცვლის შემდეგ გადაწყდა, რომ აღმასკომის წევრთა სიიდან ოთხეულის ამოღებისთვის კენჭი ეყარათ. დაახლოებით 15 წუთი ვერაფრით გაირკვა, ოთხივესთვის ერთად ეყარათ კენჭი თუ ცალ-ცალკე. ბოლოს გადაწყდა, რომ ცალ-ცალკე სჯობდა და გობეჯიშვილით დაიწყეს. მისი სიიდან ამოღების სურვილი 9 დელეგატმა გამოთქვა. მოწინააღმდეგე და თავის შემკავებელი კი გაოცდებით და დარბაზში არავინ აღმოჩნდა. 29 დელეგატიდან 20-ს არათუ მანდატი არ აუწევია, ყურიც არ შეუბერტყავს. ჩიქობავა მოვლენების განვითარებას აღარ დაელოდა და ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შემდეგ იყო ისევ კამათი და იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავდა ეს საოცარი პასიურობა. ბოლოს კი არასამუშაო ატმოსფეროს მომიზეზებით ახალ საკითხს უყარეს კენჭი - გაეშვათ თუ არა დარბაზიდან ჟურნალისტები. იცოცხლეთ, აქ კი იშიშვლეს ერთხმად მანდატები და გარეთ გამოგვიძახეს.
მასმედიისთვის დახურული კარი დაახლოებით ნახევარ საათში გაიხსნა. გვითხრეს, რომ აღმასკომის სიიდან უდესიანი და ჩიქობავა ამოიღეს, ასანიძე და გობეჯიშვილი სიაში დატოვეს.
ამრიგად, ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე მეორედ გადაიდო. პირველი თარიღი – 5 ოქტომბერი ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს, მომავალი პოლიტიკური პერიპეტიების ჩავლის და სიტუაციის ჩაწყნარების იმედით გადასწიეს, ამჯერად კი მიზეზი კანდიდატების მოულოდნელი განცხადებები გახდა. იმედია, გადადების ტრადიცია 10 დეკემბერს დაირღვევა.
ყრილობის დასრულების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” შოთა ხაბარელს და გიორგი ასანიძეს გაესაუბრა.
ხაბარელმა აღნიშნა, რომ ძიუდოში შიდა დაპირისპირებები ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს, რადგან მომავალი წარმატების უმთავრესი გარანტი შეხმატკბილებული მუშაობა და ჯანსაღი ატმოსფერო უნდა იყოს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა, პოლიტიკის სპორტში ჩარევის დრო წინა მთავრობასთან ერთად დასრულდა და ახლაც რომ ზეწოლა იყოს, დღევანდელი არჩევნები სულ სხვაგვარად დასრულდებოდაო.
ასანიძემ კი ერთხელაც გაიმეორა, რომ ძიუდოს გვერდით იქამდე დაუდგება, სანამ ამის უფლებამოსილება ექნება.
სამინისტროდან გამოსულ ჟურნალისტებს კომენტარი დავით ქევხიშვილმაც მისცა, რომელიც დღეს დელეგატთა ერთ ნაწილსაც შეხვდა.
“საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განაცხადს აუცილებლად შევიტან. რა თქმა უნდა, ყოფილ კანდიდატებთანაც მქონდა გარკვეული საუბრები. წინ არჩევნებია და თუ ძიუდოში მოტრიალე ხალხი მხარს დამიჭერს, ვეცდები ამ საქმეს კარგად გავუძღვე. ქართულ ძიუდოში ჩემთვის უცხო არაფერია”, – განაცხადა ქევხიშვილმა.
ბოლო კომენტარის მოპოვების შემდეგ “მსოფლიო სპორტმა” დავით ხახალეიშვილთან დაკავშირება კვლავ სცადა, მაგრამ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩვენს ზარს არც მეორედ უპასუხა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091479