ძიუდო

9:48 | 2.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა დუშეთი მოილიეს

ქართველ ძიუდოისტებს 22-25 აპრილს ვენაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ერთი შეკრებაღა დარჩათ გასავლელი. საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა ბოლო 2 კვირა დუშეთში ივარჯიშეს. გუშინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა გუნდი რამდენიმე დღით დაითხოვა. ევროპირველობისწინა დასკვნითი შეკრება კი 6-20 აპრილს, თბილისში გაიმართება. “მსოფლიო სპორტი” დუშეთის სპორტკომპლექსს გუშინ დილით ესტუმრა, ძიუდოისტების ბოლო დუშეთურ ვარჯიშს დაესწრო და ტოტიკაშვილს ესაუბრა.
“ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებულ შემადგენლობას ჩავიყვანთ. პირველ ნომრებად მიჩნეული ძიუდოისტები საუკეთესო ფორმამდე ჯერ ვერ მივიდნენ და გადავწყვიტეთ, ევროპირველობა გამოვატოვებინოთ” – განაცხადა ტოტიკაშვილმა და ვენაში წამსვლელი ისეთი შვიდეული ჩამოთვალა, მთავარი გუნდის მეორე ნომრობაზეც რომ ვერ წარმოიდგენთ. შემდეგ კი იქვე განმარტა, ეს მართლა არ დაწეროთ, დღეს ხომ 1 აპრილიაო. მწვრთნელს უკვე ნამდვილი განაცხადიც შედგენილი აქვს, მაგრამ მისი გამხელისგან თავი შეიკავა, სჯობს ბიჭებმა ამის შესახებ დასკვნითი შეკრების ბოლოს შეიტყონ, რომ არ მოდუნდნენ და მოტივაცია არ დაკარგონო.
დუშეთის შეკრებაში საქართველოს ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებების 42-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. სახელიან ძიუდოისტთაგან გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და საქართველოს ჩემპიონი დავით ლორიაშვილი დააკლდნენ. როგორც შევიტყვეთ, ზვიადაური ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად ინდივიდუალურად ემზადება და სანაკრებო შეკრებას მხოლოდ ერთი დღით შეუერთდა, ლორიაშვილს კი ვარჯიშში ტრავმამ შეუშალა ხელი. იგი თბილისურ შეკრებაში ჩაერთვება.
“საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. დუშეთში ყველანაირი პირობა გვქონდა შექმნილი. ერთადერთი, რამაც ცოტათი დაგვაბრკოლა, ბიჭების ორდღიანი სისუსტე იყო. ვირუსი შეეყარათ, მაგრამ სულ რაღაც ორიოდ დღეში მომჯობინდნენ და ამჟამად ყველა ჯანმრთელადაა. სერიოზული ტრავმაც არავის აწუხებს. რამდენიმე დღის წინ ირაკლი ცირეკიძემ ფეხი იტკინა და შეკრება ერთი დღით ადრე დატოვა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ჯერჯერობით, კვლავ აქტუალურია გამძლეობის პრობლემა. ამ კომპონენტში პროგრესი აშკარაა, მაგრამ სრულად აღმოფხვრას კიდევ სჭირდება დრო. შემეძლო დატვირთვები კიდევ უფრო მეტად გამეზარდა, მაგრამ ზედმეტი მონდომება საპირისპირო შედეგს გამოიღებდა. სასურველ კონდიციამდე მიზანმიმართული მუშაობით უნდა მივიდეთ. ჩემი სურვილია, ნაკრების წევრებს ზედიზედ 7-8 შეხვედრის ჩატარება შეეძლოთ. ამჟამად მხოლოდ 3 შეხვედრას უძლებენ. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამ მხრივ უკეთესი სიტუაცია იქნება” – აღნიშნა ნაკრების თავკაცმა.
ახლახან ძიუდოს ისედაც განახლებულ წესებში კიდევ რამდენიმე სიახლე დაინერგა. ტოტიკაშვილის თქმით, სპორტსმენებს სპეციალური ვიდეოგაკვეთილის დახმარებით უკვე აუხსნეს ყველა დეტალი, მაგრამ დაბნეულობა ჯერ მაინც იგრძნობა და ამ საკითხზე საუბარი თბილისურ შეკრებაზეც გაგრძელდება.
დასკვნით შეკრებას საქართველოს ნაკრები სასტუმრო “ბატესტაში” 6-19 აპრილს, კვლავ გაფართოებული შემადგენლობით გაივლის. ევროშემადგენლობა ოფიციალურად სავარაუდოდ 14-15 აპრილს დასახელდება. ვენაში გუნდი 20-ში გაფრინდება. ევროპირველობა კი 22-25 აპრილს გაიმართება. პირველი-სამი დღე ინდივიდუალურ ჩემპიონატს დაეთმობა, ხოლო დასკვნით დღეს ევროპის უძლიერესი გუნდი გამოვლინდება.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.090023