დღეს გამთენიისას, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები საფრანგეთიდან დაბრუნდა. პარიზის დიდ სლემზე ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ქართულ დელეგაციას აეროპორტში ოჯახის წევრთა გარდა, ნაკრების თბილისში დარჩენილი რამდენიმე კანდიდატი, მწვრთნელები და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მაღალჩინოსნები დახვდნენ. შეგახსენებთ, დიდი სლემი 6-7 თებერვალს გაიმართა და ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად 60 კილოგრამში მოასპარეზე დავით ასუმბანმა იჭიდავა. თბილისის მსოფლიოს თასის მომგებმა ძიუდოისტმა, საფრანგეთში ოქროს დუბლი შეასრულა. თბილისური ტურნირის კიდევ ერთმა ჩემპიონმა ლევან წიკლაურმა (81 კგ) პარიზში ვერცხლის მედალი იკმარა, პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა. “მსოფლიო სპორტისთვის “პირველი კომენტარი ჩემპიონმა გააკეთა:
“დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდი. აშკარად კარგ ფორმაში ვარ პარიზში გამარჯვებასაც ამიტომ ველოდი. მოხარული ვარ, რომ სეზონი წარმატებულად დავიწყე. ეს ორი ოქრო მსოფლიო რეიტინგის ათეულში შემიყვანს. ჩემი მთავარი ამოცანა კი ნაკრების პირველნომრობა და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ჭიდაობაა. იქამდე ალბათ კიდევ ერთ ტურნირზე ვიჭიდავებ, მაგრამ კონკრეტულად რომელზე, ნაკრების მწვრთნელი იტყვის” – განაცხადა ასუმბანმა.
ირაკლი ცირეკიძემ საკუთარი ჭიდაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. თუმცა იქვე დასძინა, ელკო ფან დერ ხესტი აქამდე ერთხელ დამარცხებული მყავდა და უფრო მაღალი შედეგის მიღწევა პარიზშიც შეიძლებოდაო.
ყველაზე ვრცელი შეფასება კი ნაკრების მწევრთნელმა გააკეთა:
“ფრანგული დიდი სლემი ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ტურნირია და მასზე, როგორც წესი, უძლიერესი შემადგენლობა იყრის თავს. გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. 53 ქვეყნის ნაკრებს შორის მხოლოდ სამხრეთ კორეასა და იაპონიას ჩამოვრჩით. ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ასეთ წარმატებას ჩემს ხელში მიაღწია. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ოქროს მედალი მოვიპოვეთ. დავით ასუმბანის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი და წინა დღით ხმამაღლაც კი გამოვთქვი ჩემი პროგნოზი. მან ბრწყინვალედ იჭიდავა. საოცარი მებრძოლი სული გამოავლინა ლევან წიკლაურმა. 81 კილოგრამი პრობლემატურ წონად მიიჩნევა და წიკლაურის ვერცხლი ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე ირაკლი ცირეკიძის გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ. იგი კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და თქმაც არ უნდა, საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია” – აღნიშნა ტოტიკაშვილმა.
მორიგ საერთაშორისო ტურნირს ავსტრია უმასპინძლებს. 13-14 თებერვალს, ვენის მსოფლიოს თასზე სავარაუდოდ ნაკრების სხვა კანდიდატები გავლენ ტატამზე.
ოთარ მაღლაკელიძე
გიორგი ჭანიშვილის ფოტო




