რიო დე ჟანეიროს დიდი სლემი საქართველოს ნაკრებმა 3 ძიუდოისტით მოიარა და სამივე მათგანმა საკმაოდ კარგად იასპარეზა. ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით ჩაამთავრეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში 120-120 ქულა შეიმატეს.
მე-5 ადგილი დაიკავა და 60 ქულა მიიღო, 81 კილოგრამში მოასპარეზე დავით ქევხიშვილმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ქევხიშვილმა პირველსავე წრეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსი სირაჟუდინ მაგომედოვი იუკოთი ჩამოიცილა, შემდეგ უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს ვაზარით სძლია, მედლისთვის ბრძოლას კი, მეოთხედფინალში, ბრაზილიელ ფლავიო კანტოსთან იპონით წაგებით გამოეთიშა.
ლიპარტელიანი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო და ამერიკელ აარონ კოენს მე-4 წუთზე იპონით გაუსწორდა. შვეიცარიელ დომინიკ ჰიშერს 3 წუთი აკმარა, ხოლო ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან, დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა.
ჟორჟოლიანს ფინალის გზა 100 კილოგრამის ლიდერმა, იაპონელმა ტაკამასა ანაიმ გადაუღობა. იქამდე კი, ქართველმა ძიუდოისტმა მექსიკელი სერხიო გარსია და იაპონელი კაიჰან ტაკაგი იპონებით, ხოლო მასპინძელი ლუჩიანო კორეა დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი ჩამოიცილა.
ოთარ მაღლაკელიძე







