საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის დიდი პრიზი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს გერმანულ ტატამზე 6 ქართველი გავიდა და ვერც ერთმა მათგანმა მეოთხედფინალშიც კი ვერ გააღწია.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდიდან შეჯიბრს პირველი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამბაკო ავალიანი გამოეთიშა. იგი პირველ წრეში გერმანიის სახელით მოჭიდავე იაპონელთან, სოშინ კაცუმისთან, ოქროს დროში, იუკოთი დამარცხდა. ამავე წონაში კიმონო თენგიზ პაპოშვილმაც მოირგო და დიდი პრიზი ყაზახი იერჟან აბდულაევის ვაზარითა და 2 იუკოთი ძლევით გახსნა. კენჭისყრამ პაპოშვილი მეორე წრეში დაასვენა, მერვედფინალში კი მომავალ ჩემპიონს, მონღოლ საინიარგალ ნიამ-ოჩირს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
უმსუბუქეს წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ნესტორ ხერგიანმა და ბეთქილ შუკვანმა იჭიდავეს. ტურნირში ორივე პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. ხერგიანმა ებრაელი იდო ელკაიამი ადვილად დაჩაგრა და ბოლო წამებზე იპონიც შეუსრულა. მერვედფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან იუკოზე წამოეგო და რადგან თავად შეხვედრა უილეთოდ ჩაამთავრა, დიდ სლემს დაემშვიდობა. მერვედფინალშივე გადაეკეტა მედლის გზა შუკვანსაც. მან კანადელ ფრეზერ ვილთან ძირითად დროში 2-იუკოიანი უპირატესობა გაანიავა, ოქროს დროში კი სულაც, ბეჭებზე დავარდა. ვილის მომგებიანი ილეთი მთელი დღის განმავლობაში სილამაზით ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამ შეხვედრამდე შუკვანმა ყაზახი იერკებულან კოსაიევი 38 წამში ჩამოიცილა. დიდი პრიზი წაუგებლად უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართ¬ველმა, გიორგი ზანთარაიამ ჩაამთავრა. ფინალში მან შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსად, იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკა დაამარცხა.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართ¬ველებისთვისაც მერვედფინალური ეტ-აპი გახდა გადაულახავი ბარიერი. თბილისის მსოფლიოს თასის მომგები შალვა ქარდავა ჰოლანდიელ ჯეისონ გავკეს ორწუთნახევარში, 2 ვაზარით გაუსწორდა, მაგრამ სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან ბრძოლაში, სულ რაღაც 1 წუთში, პარტერში ჭიდაობისას უწყინარ ეპიზოდში შებოჭვაზე წამოეგო. მიხეილ ხომიზურმა ეგვიპტელი აჰმედ ავადი სამწუთნახევარში ჩამოიცილა. რუმინელ დან ფასიესთან კი 2 იუკოთი წააგო. 73 კილოგრამის მსგავსად, 66-ის ბრძოლებიც მონღოლეთის ჰიმნით დაგვირგვინდა. ოქროს მედალი ჰაშბაატარ ცაგაანბაატარმა მოიპოვა.
გუშინვე, მედლების 4 კომპლექტი ქალთა შორის გათამაშდა. ყველაზე უკეთ იაპონელებმა იჭიდავეს, რომელთაც 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სულაც, იაპონური ფინალი შედგა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 4 და ქალთა 3 წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ტატამზე იოსებ წელაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, საბა გავაშელიშვილი (90 კგ), ზურაბ ზვიადაური, დავით ლორიაშვილი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) გავლენ.
ძიუდო. დიდი პრიზი
დიუსელდორფი. 20 თებერვალი
კაცები
60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 გვან-იუნ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
9 ნესტორ ხერგიანი (საქართველო)
9 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
66 კგ
1 ჰაშბაატარ ცაგაანბაატარი (მონღოლეთი)
2 იუნ-ჰვან ანი (სამხრეთ კორეა)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)
9 შალვა ქარდავა (საქართველო)
9 მიხეილ ხომიზური (საქართველო)
73 კგ
1 საინიარგალ ნიამ-ოჩირი (მონღოლეთი)
2 ულან გურტუევი (რუსეთი)
3 ნავრუზ იურაკობილოვი (უზბეკეთი)
3 ჟოაო პინა (პორტუგალია)
9 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
27 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ტომოკი ფუკუმი (იაპონია)
2 ჰარუნა ასამი (იაპონია)
3 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
3 პაულა პარეტო (არგენტინა)
52 კგ
1 სორაია ჰადადი (ალჟირი)
2 ჟოანა რამოში (პორტუგალია)
3 ილსე ჰეილენი (ბელგია)
3 მარენ კრაე (გერმანია)
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 ჰიტომი ტოკუჰისა (იაპონია)
63 კგ
1 კლაუდია მალზანი (გერმანია)
2 ანიჩკა ემდენი (ჰოლანდია)
3 ანი-ლორ პოლი (საფრანგეთი)
3 მარტა ლაბაზინა (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







