ძიუდო

13:30 | 12.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები როტერდამისთვის დაირაზმნენ

ხვალ, გამთენიას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჰოლანდიაში გაფრინდება და 15-17 ოქტომბერს როტერდამის გრან-პრიზე გამოვა. სოსო ლიპარტელიანმა, რომლისთვისაც ეს ტურნირი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იქნება, შემადგენლობა ათი დღის წინ დაასახელა. დღეს კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციიდან “მსოფლიო სპორტს” განაცხადში ერთი სპორტსმენის ჩამატების შესახებ აცნობეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად გოგოჭური ჰოლანდიაში გუნდს საკუთარი ხარჯით გაჰყვება.
როტერდამის გრან-პრი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე საერთაშორისო კალენდარში დარჩენილ ინდივიდუალურ ტურნირთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მასზე ნაჩვენები შედეგები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში აისახება. ჩემპიონი 200 ქულას მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 120 ქულას, ხოლო ბრინჯაოსანი – 80-ს. ამასთან, გრან-პრი ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ მიმზიდველი შეჯიბრია ძიუდოისტთათვის. მისი საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია.
ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების გამთამაშებელი იმ ოთხი ტურნირიდან, რომლებიც ამ წლის ბოლომდე დარჩა ჩასატარებელი, ქართულ გეგმაში მხოლოდ ჰოლანდიური გრან-პრია, თუმც ეს წინასწარი გეგმაა და შეიძლება რამე შეიცვალოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს არცთუ სახარბიელო საერთაშორისო რეიტინგი აქვთ და ამ ტურნირების გამოტოვებით კიდევ უფრო დაბლა დაეშვებიან.
ამ უქმეებზე, სამოას ქალაქი აპია მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. 23-24 ნოემბერს საერთაშორისო კალენდარში აბუ დაბის გრან-პრია შეტანილი, 3-4 დეკემბერს სამხრეთკორეულ სუვონში გაიშლება მსოფლიოს თასის ტატამები, სეზონს კი 10-12 დეკემბერს, ტოკიოში ჩასატარებელი დიდი სლემი დააგვირგვინებს. როგორც შევიტყვეთ, ძიუდოს ფედერაციამ შესაძლოა სანაკრებო გეგმაში დიდი სლემიც ჩაამატოს.
ისევ როტერდამის გრან-პრის მივუბრუნდეთ, საქართველოს ნაკრები ტურნირისთვის დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მოემზადა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დამხმარე მწვრთნელთა ვინაობაც ჰოლანდიაში წამსვლელ შემადგენლობასთან ერთად დაასახელა და ვარჯიშები მათთან ერთად ჩაატარა. ნაკრების მწვრთნელთა ჯგუფში გურამ მოდებაძე, ირაკლი უზნაძე, ივერი ჯიქურაული, თამაზ კარიაული და ნესტორ ხერგიანი მოხვდნენ. ლიპარტელიანმა ამ ხუთეულზე უკვე ფუნქციებიც გადაანაწილა. პირველ-სამ წონით კატეგორიას – 60, 66 და 73 კილოგრამებს გურამ მოდებაძე ჩაიბარებს, 81 და 90 კილოგრამებს - ირაკლი უზნაძე, ხოლო 100 და +100 კილოგრამებს – ივერი ჯიქურაული. ტექნიკის განხრით თამაზ კარიაული იმუშავებს, ხოლო ფიზიკურ მომზადებას ნესტორ ხერგიანი მიხედავს. აქვე გრან-პრიზე გასამგზავრებელი 12-კაციანი შემადგენლობაც:
60 კგ - დავით ასუმბანი და ამირან პაპინაშვილი, 66კგ – შალვა ქარდავა და უჩა ხუციშვილი, 73 კგ – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ – ლევან წიკლაური და იოსებ წელაური, 90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური, 100 კგ – დავით ლორიაშვილი, +100 კგ – ადამ ოქრუაშვილი.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173177