ძიუდო

2:10 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები პრემიებს მიიღებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შესანიშნავად დაასრულა ევროპის 2014 წლის პირად-გუნდურ ჩემპიონატზე გამოსვლა: ჩვენმა გუნდმა პირად პირველობებში 2 ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდური ჩემპიონატი კი, შარშანდელის დარად მოიგო. ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართა.

“სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილების თანხმად, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესებულია ფულადი პრიზები. ზემოაღნიშნული პროგრამა არ არის შემოფარგლული გარკვეული ციკლით და იგი გრძელვადიან მუდმივმოქმედ ხასიათს ატარებს.

ამ დადგენილების თანახმად, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდური პირველობისთვის ფულადი პრიზის სახით მიიღებს 102 ათას ლარს, ამას დაემატება პირად-გუნდური მეორე ადგილისთვის განკუთვნილი 34 ათასი ლარი.

პირად პირველობაში გამარჯვებულები 51 ათასი ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული სპორტსმენები 34 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. სპორტსმენების პირად მწვრთნელებს და ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს დამატებით მიეცემათ სპორტსმენების საპრიზო თანხის 50-50%, საექიმო პერსონალს – სპორტსმენების ჯამური საპრიზო თანხის 30%,  ფედერაციის ადმინისტრაციულ ჯგუფს კი – სპორტსმენების ჯამური საპრიზო თანხის 10 %.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112278