ძიუდო

9:38 | 29.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები ავსტრიულ ვარიანტზე ფიქრობენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ფიზმომზადებაზე, სავარაუდოდ, უცხოელი სპეციალისტი იზრუნებს. ძიუდოს ფედერაცია მოლაპარაკებას ავსტრიელ პიტერ ზაიზენბახერთან აწარმოებს. ეს უკანასკნელი, რამდენიმე დღის წინ თბილისს სტუმრობდა და საქმიანი შეხვედრაც შედგა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის უცხოელი კონსულტანტის დანიშვნის შესახებ, ქართული სპორტის ხელმძღვანელები ჯერ კიდევ ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომისას ალაპარაკდნენ. ოფიციალურად ითქვა, რომ გუნდის ფიზიკურ მომზადებას, ალბათ, ჩამოყვანილი სპეციალისტი მიხედავდა. ახლახან კი, ძიუდოს წრეებში ზაიზენბახერის კანდიდატურის შესახებ გავრცელდა ხმები და მათ გადასამოწმებლად, “მსოფლიო სპორტი” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ალექსიძეს დაუკავშირდა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ზაიზენბახერის კანდიდატურა უცხოელმა სპეციალისტებმა გვირჩიეს. ახლახანს, იგი ერთი დღით საქართველოშიც იყო ჩამოსული. შევხვდით ერთმანეთს და მოლაპარაკებას კვლავ ვაგრძელებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მივიღებთ”, – განაცხადა ალექსიძემ.
ქართული ძიუდოს ხელმძღვანელს, 2010 წლის ბოლომდე დარჩენილ სანაკრებო გეგმაზეც დავეკითხეთ. წინასწარი გეგმის თანახმად, სოსო ლიპარტელიანის გუნდმა, მხოლოდ ორ უმაღლესი დონის შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა - 15-17 ოქტომბერს როტერდამის გრან-პრიზე და 30-31 ოქტომბერს სტამბოლში ჩასატარებელ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. არადა, ჰოლანდიური გრან-პრის გარდა, საერთაშორისო კალენდარში კიდევ 6 ისეთი ტურნირია, ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგის ქულებს რომ გასცემს. მათ შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანი, ტოკიოს დიდი სლემია (10-12 დეკემბერი).
გიორგი ალექსიძის თქმით, სანაკრებო გეგმაში იაპონური დიდი სლემის ჩამატების თაობაზე ფედერაცია აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098865