ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2535) ჩინებულ ფორმაში იმყოფება. მერამდენე დღეა, გიბრალტარის პრესტიჟულ ფესტივალზე მოთამაშე ძაგნიძეს უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილი უწევს, თუმცა, კვლავ დაუმარცხებლად რჩება. მე-7 ტურში ნანა შავი ფიგურებით სახელოვან ინგლისელ დიდოსტატ ნაიჯელ შორტს (2677) დაუპირისპირდა და 37-ე სვლაზე საპატიო ყაიმი გააფორმა.
ძაგნიძემ შვიდ ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და კვლავ ლიდერთა შორის იმყოფება (დამატებითი მაჩვენებლებით, მეათეა). მისდარი მონაგარი კიდევ ცხრა მოჭადრაკეს გააჩნია, წინ გაჭრა კი ინგლისელმა მაიკლ ადამსმა (2724) მოახერხა, რომელმაც თანამემამულე დევიდ ჰოუელს (2603) 115-ე (!) სვლაზე სძლია და თავი 6.0 ქულას მოუყარა.
მე-8 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით 5.0 ქულის მქონე პიოტრ სვიდლერს (2749) ეთამაშება, რომელსაც ტურნირზე პირველი რეიტინგი გააჩნია, თუმცა, ჯერჯერობით, მე-14 პოზიციაზეა. საინტერესო იქნება ადამსი-მამედიაროვის (აზერბაიჯანი, 2747), შორტი-ალმაშის (უნგრეთი, 2717), ჰოუ (ჩინეთი, 2605)-ლე ქუანგის (ვიეტნამი, 2714), მოვსესიანი (სომხეთი, 2700)-გოპალისა (ინდოეთი, 2566) და ნეგი (ინდოეთი, 2641)-სასიკირანის (ინდოეთი, 2700) პარტიებიც.
ბარემ აქვე ვთქვათ გასული ტურის კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებაზე, რომელშიც ქალთა შორის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩინელი იიფან ჰოუ ყველა დროის უძლიერეს ქალ მოჭადრაკე იუდიტ პოლგარს (2710) დაუპირისპირდა და ევროპელი დიდოსტატი, რომელიც მისი სქესის მეტოქეებთან შეხვედრას კარგა ხანია აღარ კადრულობს, 47-ე სვლაზე დაამარცხა.
რაც შეეხებათ ტურნირის მონაწილე სხვა ქართველ მოჭადრაკეებს. მე-7 ტურში მისი მოწინააღმდეგის სიძლიერიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად ნინო ხურციძემ (2444) ითამაშა, რომელიც რეიტინგით გაცილებით ძლიერ ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგას (2649) შავი ფიგურებით დაუზავდა და 4.5 ქულით 41-ე ადგილზე დამკვიდრდა. ასეთივე მონაგარით 52-ეა ლელა ჯავახიშვილი (2454), რომელსაც კვალში ასევე 4.5 ქულის მქონე სალომე მელია (2398) მოსდევს.
მე-8 ტურში ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით სომეხ გაბრიელ სარგისიანს (2683) ეთამაშება, მელია ასევე თეთრებით ესტონელ კაიდო კულაოტსს (2581) დაუპირისპირდება, ხოლო ხურციძე შავებით ძალებს იტალიელ საბინო ბრუნელოსთან (2581) მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ათ ტურად მიმდინარეობს და 2 თებერვალს დასრულდება, საპრიზო ფონდიდან (155 ათასი გირვანქა) კი თანხები ასე გადანაწილდება: I ადგილი – 20 ათასი გირვანქა, II – 12 ათასი, III – 10 ათასი, IV – 8 ათასი, V – 5 ათასი, VI – 3 500, VII – 3 ათასი, VIII – 2 500, IX – 2 ათასი, X – 1 000, XI – 1000, XII – 1000. ქალთა შორის გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი შესაბამისად, 7 და 5 ათასით დაჯილდოვდებიან.







