თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდნენ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ნანა ძაგნიძემ (2559) აჩვენა, რომელმაც 20 შესაძლებლობიდან 13.5 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბლიც-შეჯიბრში სულ 41 მოჭადრაკე ჩაება, რომლებიც ერთმანეთს ათ ტურში (მონაწილეებს თითო ტურში ორ პარტიის ჩატარება უწევდათ) ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ, პირველობა რუს ვალენტინა გუნინას (2511) ერგო, რომელმაც კლასიკურ ჭადრაკში ევროპირველობაც მოიგო. მან 15.0 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ გერმანელ ელიზაბეტ პაეტს (2459) 0.5 ქულით გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობის კარგი შანსი ძაგნიძესაც ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტი მე-9 ტური გამოდგა, რომელშიც ნანამ ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან (2531) ორივე პარტია წააგო და მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა.
ტურნირში მოთამაშე დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 13. ბელა ხოტენაშვილი (2490) – 11.5; 14. სოფიო გვეტაძე (2334) – 11.0; 20. ნაზი პაიკიძე (2406) – 10.5; 21. ნინო ხურციძე (2447) – 10.0; 24. ნინო ბაციაშვილი (2438) – 10.0; 26. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 9.5; 31. მერი არაბიძე (2337) – 9.0; 35. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 8.5;







