ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (რეიტინგი 2551) მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 რაუნდში საფრანგეთის სახელით მოთამაშე, ისე კი მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში დაბადებულ ალმირა სკრიპჩენკოს (2460) დაუპირისპირდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ უკანასკნელმა მძიმე დაპირისპირებაში რუმინელ კრისტინა-ადელა ფოისორს (2403) აჯობა.
ცნობისთვის, სკრიპჩენკოსა და ფოისორის შეხვედრა საწყის წრეში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. ფრანგმა და რუმინელმა კლასიკური პარტიები ყაიმით დაასრულეს, ტაი-ბრეიკის სტარტზე კი მოგებები გაცვალეს. მომდევნო დამატებით პარტიაში ფრე დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრებით სკრიპჩენკომა იმარჯვა და საბოლოოდ, 3.5:2.5 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ძაგნიძის გარდა, მსოფლიოს პირველობის მე-2 რაუნდში კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს – მაია ჩიბურდანიძე (2502) ჩინელ ქსუე ჟაოს (2474) დაუპირისპირდება, ხოლო სოფიკო ხუხაშვილის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი (2507) იქნება.
თურქეთის ქალაქ ანტაკიაში მიმდინარე ტურნირის მე-2 რაუნდი 7-8 დეკემბერს გაიმართება, საყაიმო ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში კი, პირველი წრის მსგავსად ტაი-ბრეიკი შედგება. მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.







