გიბრალტარის პრესტიჟულ ტურნირზე მოთამაშე ქართველი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე (2550), სახელოვანი ინგლისელი დიდოსტატის, მაიკლ ადამსის (2723) წინაღმდეგ ჩინებულად გაისარჯა და გაცილებით მაღალრეიტინგიან მეტოქესთან (იგი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი) თეთრი ფიგურებით, ყაიმი 73-ე სვლაზე გააფორმა.
მოგეხსენებათ, ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან-პრის ბოლო ეტაპისთვის ემზადება, რომელსაც 20 თებერვლიდან 6 მარტამდე ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს, მასში პირველი ან მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი, ნანა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
აღნიშნულ ჭრილში, ქართველი მოჭადრაკის ჩინებული თამაში დიდ ოპტიმიზმს იწვევს. ძაგნიძემ პირველ ტურში გამარჯვება იზეიმა, ფიდე-ს ვაჟთა რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფ ადამსთან დაზავების შემდეგ კი, 1.5 ქულით, 232 მონაწილეს შორის 28-ე საფეხურზე დამკვიდრდა. მომდევნო ტურში იგი შავი ფიგურებით, ესპანელ ხუან მანუელ ლოპეს ბელონს (2404) ეთამაშება.
მე-2 ტურში, წარმატებას მიაღწია სალომე მელიამაც (2449), რომელმაც შვეიცარიელ ტომას ლოჩტეს (2173) თეთრებით მოუგო და 1.0 ქულით, დამატებითი მაჩვენებლებით, 76-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. სალომეს შემდეგი მოწინააღმდეგე, ბერძენი ხრისტოს ზიგურისი (2215) იქნება.
პირველ ტურში, უქმობის შემდეგ, გიბრალტარის ტურნირზე პირველი პარტია ითამაშა გიორგი ყაჭეიშვილმა (2585), რომელიც თეთრი ფიგურებით ინდოელ ეეშა კარავადეს (2353) დაუზავდა. ყაჭეიშვილი 1.0 ქულით 59-ეა, მისი მომდევნო მეტოქე კი, მექსიკელი ხულიან ესტრადა ნიეტოა (2309). თეთრებით ჩრდილოამერიკელი გაირჯება.
Gibraltar Masters-ის ორი ტურის თავზე, ქულათა მაქსიმუმი 22 მოჭადრაკეს გააჩნია, რომელთაც სათავეში ტურნირის ფავორიტი, უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2764) უდგას. ცნობისთვის, შეჯიბრი 10 ტურად მიმდინარეობს და 3 თებერვალს დასრულდება, ჯამური საპრიზო ფონდი კი, 126 ათასი გირვანქაა, საიდანაც ჩემპიონი 17 500-ს მიიღებს, ხოლო სულ პრიზები მოწინავე თორმეტეულს ერგება.
დათო მანჯავიძე









