“ოდენსეს” სპორტულმა დირექტორმა იასპერ ჰანსენმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტროელს ბეხმა დაადასტურეს, რომ ვლადიმერ დვალიშვილმა დანიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელი “ოდენსეში” 13-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. იგი “ლეგიაშიც” ამ ნომრით თამაშობდა.
“არავისთვის საიდუმლო არაა, რომ შეტევის გასაძლიერებლად ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდა. გასულ კვირაში ტომას მიკელსენი დავიმატეთ, ხოლო ახლა ვლადიმერ დვალიშვილი. ვლადიმერის შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ და გვიხარია, რომ მან “ოდენსე” აირჩია. ჩვენს რიგებში მისი ხილვა დიდი ხანია გვსურდა, მაგრამ ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. დვალიშვილი გამოცდილი თავდამხმელია, რომელსაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ბევრი საერთაშორისო მატჩი ჩაუტარებია. მას პოლონეთსა და ისრაელში უთამაშია და კარგად იცის როგორ უნდა მიეჩვიოს ახალ სტილსა და საფეხბურთო კულტურას. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გუნდს დიდ წარმატებას მოუტანს” – იუწყება ჰანსენის სიტყვებს “ოდენსეს” ოფიციალურ ვებგვერდი.
“ვლადიმერ დვალიშვილის სახით კლასიკური ცენტრფორვარდი დავიმატეთ, რომელსაც შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაში შეუძლია. ამ ფეხბურთელს თავისთვის სივრცის შექმნა კარგად შეუძლია და დიდი სიზუსტით გამოირჩევა. ის გამოცდილია და დარწმუნებული ვართ, რომ “ოდენსეს” გამოადგება” – თქვა ბეხმა.







