უცნაური ამბავი შეემთხვათ პლოვდივში ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე ქართველ მოჭადრაკეებს, უფრო სწორად კი მათ უმეტესობას, თორემ ჩვენი დელეგაციის უმცირესი ნაწილი კურიოზულ ვითარებას გადაურჩა. საქმე ის გახლავთ, რომ ტურნირის მე-6 ტურში ექვსი ქართველი მოჭადრაკე დაფებთან დროზე არ გამოცხადდა და ბუნებრივია, წაგებებიც ჩაეთვალათ.
ცხადია, აქედან რამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, თუმცა, ყველაზე რეალურ მიზეზად ზაფხულის დროზე გადასვლა მიგვაჩნია. ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, საათი ბულგარეთშიც გადაიწია, საქართველოში კი ყველაფერი უცვლელად დარჩა, რაც შესაძლოა, მავანთა დაბნეულობის მიზეზიც გამხდარიყო.
ნათელია, ეს გასამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება და თავად ოფსაიდში დარჩენილთათვისაც დიდი შოკი იქნებოდა, თუმცა, ისინი გასულ ტურში ნულზე დარჩენას რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის დააბრალებენ, ესეც ფაქტია. ისე, ცოტა უცნაური კია, 348 მონაწილეს შორის დროში გარკვევა მხოლოდ ჩვენი დელეგაციის წევრებმა რატომ ვერ მოახერხეს ან თუკი სამი ქართველი მოჭადრაკე დარბაზში საჭირო ჟამს გამოცხადდა, თანაგუნდელების გაფრთხილება რატომ ვეღარ მოხერხა.
მოკლედ, ეს ყველაფერი ვარაუდებია, რეალურად კი ის მივიღეთ, რომ მე-6 ტურში საქმეში მხოლოდ სამი ქართველი დიდოსტატი ვიხილეთ და ორმა მათგანმა წარმატებასაც მიაღწია.
ლევან ფანცულაიამ (2595) შავი ფიგურებით ევროპის ჩემპიონატზე 23-ე განთესვის მქონე უკრაინელი ალექსანდერ არეშჩენკო (2688) დაამარცხა და 4.5 ქულით 27-ე ადგილზე დამკვიდრდა. ასეთივე მონაგარით მის წინ იმყოფება საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2706), რომელიც თეთრებით ასევე უკრაინელ იური კუზუბოვს (2615) დაუზავდა. რაც შეეხება მიხეილ მჭედლიშვილს (2626), მან სლოვაკ პეტერ მიხალიკს (2529) სძლია და 4.0 ქულით 65-ე პოზიციას უწია.
დაუდევრობამ ყველაზე მეტად შოთა აზალაძე (2419) აზარალა, რომელიც ევროპის პირველობის საწყისი ტურების ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ქართველ მოჭადრაკეს, რომელიც ტურნირში 222-ე განთესვით ჩაება, 5 ტურის თავზე 4.0 ქულა ჰქონდა და მე-2 ადგილზე გახლდათ, ამჯერად კი უკრაინელ ანტონ კორობოვს (2679) ქულა უბრძოლველად დაუთმო და 35-ე პოზიციამდე დაქვეითდა.
აზალაძის გარდა, იმ ექვსეულის წევრები, რომელთაც გასულ ტურში დაფებთან მისვლა ვერ მოახერხეს, სატურნირო ცხრილში შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან. 84. დავით ლომსაძე (2338) – 3.5; 166. დავით ბენიძე (2530) – 3.0; 212. ლუკა პაიჭაძე (2491) – 2.5; 268. გაიოზ ნიგალიძე (2472) – 2.0; 342. გიორგი ხელაია (2080) – 0.5;
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 31 მარტს დასრულდება, დასვენების დღედ კი 26 მარტია გამოცხადებული. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 14 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა მოწინავე 25 მოჭადრაკეზე გადანაწილდება.
მე-7 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით სერბ ივან ივანიშევიჩს (2645) ეთამაშება, მჭედლიშვილი ასევე შავებით ბულგარელ იულიან რადულსკის (2552) დაუპირისპირდება, ფანცულაია და აზალაძე კი თეთრებით გაირჯებიან. პირველი ძალებს ესპანელ ფრანსისკო პონს ვალეხოსთან (2693) მოსინჯავს, ხოლო მეორე – რუს სანან სიუგიროვთან (2610).
P.S. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომლის თანახმადაც “შვიდი მოჭადრაკე (დაგვიანებულთა რიგებში, ექვსი ქართველის გარდა, ბერძენი მოჭადრაკეც აღმოჩნდა – რედ.) დროულად არ გამოცხადდა დაფებთან და წაგებებიც ჩაეთვალათ, არადა, იმის შესახებ, რომ ზაფხულის დროზე გადასვლა ხდებოდა, ყველა მათგანი სპეციალური განცხადებით იყო გაფრთხილებული”. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია...
დათო მანჯავიძე







