ფეხბურთი

2:56 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრამა “მესტალიაზე” - “ბენფიკა” კი ისევ ფინალშია

“ბენფიკა” და “სევილია” – 14 მაისს ისინი შეხვდებიან ფინალში,რომელიც ტურინში გაიმართება და სადაც “იუვენტუსის” თამაშს ელოდნენ, მაგრამ ფეხბურთში ყველა პროგნოზი რომ მართლდებოდეს, ასე სადაა... ანტონიო კონტეს გუნდმა ბევრი უტრიალა “არწივების” კარს, მომენტებიც შექმნა, მაგრამ სტუმრად წაგებული 1:2-ს ვერაფრით გადაფარა. ჟორჟე ჟესუსის გუნდმა გაძლო და ფინალში გავიდა. შეხვედრას ლეგენდარული დიეგო მარადონაც ესწრებოდა.  

ხან მეკარე ობლაკი თამაშობდა მშვენივრად, ერთხელ ბრაზილიელმა მცველმა ლუიზაომაც აშკარა გოლს გადაარჩინა “ბენფიკა”. 3 გაძევება ვიხილეთ ამ მატჩში, აქედან ერთს (მირკო ვუჩინიჩი) სათადარიგოთა სკამზე უჩვენეს წითელი ბარათი, რადგან ჩხუბში მიიღო მონაწილეობა. ის და ლისაბონელთა სერბი ლეგიონერი ლაზარ მარკოვიჩი გააძევა მსაჯმა კლატენბურგმა, მანამდე კი, 67-ე წუთზე “ბენფიკა” 10 კაცით დარჩა, რადგან ურუგვაელმა პერესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

მოკლედ, ლისაბონელებმა გმირულად გაძლეს. “ბენფიკას” 1962 წლის შემდეგ არ მოუგია ევროტიტული, არადა, 7-ჯერ იყო ფინალში. ამ გუნდის ფინალებში წაგების ამბებზე ცალკე ტომეული შეიძლება გამოიცეს... რა შეხსენება გინდათ, “ბენფიკამ” შარშან ევროპის ლიგის ფინალი “ჩელსისთან” წააგო (1:2).

მეორე ნახევარფინალურ წყვილში დრამა ვიხილეთ: “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად 0:2 წაგებული მატჩი მოატრიალა და 26-ე წუთზე ამავე ანგარიშით ამარცხებდა – სოფიან ფეგულიმ ცაციით გატანა, ჟონასმა კი თავით. “ღამურები” უტევდნენ და ლოგიკური იყო მესამე გოლი, რომელიც შეტევაში ჩარტულმა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ მიითვალა. 3:0 და “მესტალია” ზეიმობდა.

“ვალენსიას” თითქოს მშვიდად მიჰყავდა თამაში გამარჯვებამდე, რადგან მათ კართან მომენტისმაგვარიც კი არაფერი იქმნებოდა. მსაჯმა 5 წუთი დაამატა ძირითად დროს და იმ დროს, როცა მეხუთე დამატებული დაიწყო, “სევილიამ” აუტი მოაწოდა, არგენტინელმა ფაციომ თავით მოიგო ორთაბრძოლა, მეკარის ბაქანისკენ გადააგდო ბურთი, იქ კი სტეფან მბიამ ასევე თავი დაახვედრა და მეკარე დიეგო ალვეშმა თავისიანები ვერ იხსნა.

“მესტალია” დადუმდა. ვალენსიელები ახლა სიმწრით იხსენებენ პირველ მატჩს, როცა არაერთი საგოლე მომენტი გააცუდეს და ასევე, იმ მატჩში მბიას მიერ თამაშგარედან გატანილ გოლს.

ასეა თუ ისე, “სევილია” ფინალშია, სადაც ევროტიტულზე დაგეშილი “ბენფიკას” დამარცხებას შეეცდება.     

 

ვალენსია-სევილია 3:1 (2:0)

პირველი მატჩი: 0:2

ვალენსია: დიეგო ალვეში, ჟოაო პერეირა, რიკარდო კოშტა,მატიე, ბერნატი, კეიტა, პარეხო (ხავი ფუეგო 79), ფეგული, ჟონასი (ბარაგანი 85), პიატი (ფედე 62), ვარგასი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი.   

სევილია: ბეტო, კარიცო, ფაციო, პარეხა, ნავარო (მორენო 77), კოკე, მბია, რაკიტიჩი, ვიტოლო, რეიესი (მარინი 78), ბაკა (გამეირო 66).

მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: 1:0 ფეგული (14), 2:0 ჟონასი (26), 3:0 მატიე (70), 3:1 მბია(90+5).

გაფრთხილება: ბერნატი(54), ფეგული (74), დიეგო ალვეში (82), კარიცო(86), მატიე (90+4).

მსაჯი: მაზიჩი (სერბეთი). 

 

იუვენტუსი – ბენფიკა 0:0

პირველი მატჩი 1:2

 იუვენტუსი: ბუფონი, კასერესი, კიელინი, ბონუჩი (ჯოვინკო 73), ლიხშტაინერი, ასამოა, ვიდალი (მარკიზიო 80), პირლო, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ოსვალდო 77).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ბენფიკა: ობლაკი, მაქსი პერეირა, გარაი, ლუიზაო, სიკუერა, პერესი, ამორიმი, გაიტანი (სალვიო 77), ლიმა, როდრიგო (ალმეიდა 69), მარკოვიჩი (სულეიმანი 86)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.

გაფრთხილება: როდრიგო (56), პერესი (61, 67), ასამოა (64), ობლაკი (82),სალვიო (90+6).

გაძევება: პერესი (67),  მარკოვიჩი (89), ვუჩინიჩი (89).

მსაჯი: კლატენბურგი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.232702