ფეხბურთი

14:25 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე როსი: “ფეხბურთელი ტიტულებით უნდა შეფასდეს”

 ჯუზეპე როსი 4 იანვრიდან “ფიორენტინას” წევრია, თუმცა, ფლორენციელთა გუნდის ღირსების დაცვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. La Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტთან საუბრისას როსი მაინც იმედიანადაა განწყობილი და ნაკრებში დაბრუნების იმედიც კი აქვს.

 

- საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. რომელ გუნდს გულშემატკივრობდა დამწყები ფეხბურთელი ჯუზეპე როსი?

- პატარაობისას მამასთან ერთად ხშირად ვუყურებდი “მილანის” თამაშს. მარკო ვან ბასტენისა და რუუდ გულიტის ასპარეზობა დღემდე დაუვიწყარია. მას შემდეგ მოყოლებული “როსონერისადმი” სიმპათიით განვიმსჭვალე.

- ეს დამოკიდებულება არც მას შემდეგ შეგცვლიათ, რაც ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ჯუზეპე როსის სტილი “მილანისას” არ ესადაგებაო...

- მილანელთა ვიცე-პრეზიდენტის ეს სიტყვები მეც გავიგე. საერთოდ, ჩემ შესახებ ბევრს საუბრობენ. ისე კი, კარგად ვიცი ტოპკლუბების ხელმძღვანელთა ჩემდამი დამოკიდებულება. მათ არ სჭირდებათ ისეთი მოთამაშე, რომელსაც ჩემნაირი მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. სადაა საიმისო გარანტია, დაზიანების რეციდივი კიდევ რამდენჯერმე რომ არ იჩენს თავს. წამყვან კლუბებს მოთამაშეები უნდათ, რომლებიც მყისიერად მოუტანენ შედეგს და სარგებელს.

- ამის მიუხედავად, ფლორენციის “ფიორენტინაში” ნდობა გამოგიცხადეს...

- “ფიორეს” ამას არასდროს დავუვიწყებ. ფლორენციელებმა მორალური მხარდაჭერა გამომიცხადეს და ჩემთვის მეტად რთულ მომენტში გვერდით დამიდგნენ. ამგვარი მომენტების დავიწყება შეუძლებელია. თანაც, ვინჩენცო მონტელა “ესპანური სტილის” მიმდევარია, მე კი ამ მიმართულების მოტრფიალე გახლავართ. თანაც, “ფიორენტინას” სათამაშო სქემეაში კარგად ვჯდები.

- როგორ გგონიათ, უახლოეს წლებში “ფიორენტინას” სკუდეტოს მოპოვების შანსი ექნება?

- სულაც არ გამოვრიცხავ “ფიორეს” ჩემპიონობას. სერია A ხომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი არაა, რომელშიც მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” დომინირებენ. იტალიაში გუნდების დონე უფრო თანაბარია. “ფიორენტინას”, “რომას”, “ნაპოლის”, “ლაციოს” თამამად შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

- რას ჰპირდებით მწვრთნელს, რომელიც ნდობას გიცხადებთ?

- ყოველთვის მაქსიმალური შედეგისთვის და გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლობის მოტანისკენ ვარ ორიენტირებული. ეს ჩემთვის უმთავრესია. არ ვფიქრობ ფულსა და ლამაზ ცხოვრებაზე, მხოლოდ ტიტულებზე ვოცნებობ. სწორედ მათი რაოდენობით უნდა შეფასდეს ფეხბურთელი.

- გამოდის მაიკლ ჯორდანს ეთანხმებით. ცოტა ხნის წინათ ლეგენდარულმა კალათბურთელმა განაცხადა, ნამდვილი ჩემპიონი ისაა, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოხვეჭილიო...

- ჯორდან სავსებით ვეთანხმები. ხშირად დავფიქრებულვარ ალან შირერზე. მას უამრავი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ არასდროს არაფერი მოუგია (ინდივიდუალურ პრიზებს თავი რომ დავანებოთ, შირერი 1995 წელს პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა-რედ), ამიტომაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის არ მოიხსენიებენ.

- თავდამსხმელთაგან ვინაა თქვენთვის მისაბაძი?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მომწონდა ვან ბასტენისა და გულიტის თამაში, შემდეგ ანდრეი შევჩენკოსა და ჯორჯ ვეას ასპარეზობამ მომხიბლა. როდესაც “ჩელსის” წინააღმდეგ ვითამაშე, შევჩენკოს მაისურის გაცვლა შევთავაზე. ის მაისური დღემდე ჩემი ოთახის კედელზე ჰკიდია.

- საკუთარ დამრიგებლად თუ თვლით რომელიმე ფეხბურთელს?

- რაიან გიგზსა და პოლ სკოულზს. მათთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობდი. ორივენი ბრწყინვალე ადამიანები არიან. წვრთნების დროს დიდ დახმარებას მიწევდნენ, ყოველთვის მაძლევდნენ საჭირო დარიგებას და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზას მიმითითებდნენ. მწვრთნელთაგან კი სერ ალექს ფერგიუსონი უნდა გამოვარჩიო. იგი ისე მექცეოდა, თითქოს მისი ერთადერთი ვაჟი ვიყო. თუმცა, ფერგიუსონი ასე მინდვრის გარეთ მეპყრობოდა. წვრთნისა და მატჩის მსვლელობისას სერ ალექსი მეტად მკაცრი და უხეშიცაა. მისი საუკეთესო თვისება კი ისაა, რომ ფეხბურთელს გამარჯვების ხელოვნებას ასწავლის.

- ბოლოს როდის ეკონტაქტეთ “სკუადრა აძურას” დამრიგებელს ჩეზარე პრანდელის?

- როგორც მახსოვს, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას. არაფერი საგაგნგაშო არ ხდება. რასაკვირველია, იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ, მაგრამ საამისოდ კლუბში თავი უნდა გამოვიჩინო. ამ შემთხვევაში, პრანდელის ყურადღებას ისევ დავიმსახურებ. ბევრს ვმუშაობ და თანდათან წინ წავიწევ.

- არასდროს გიფიქრიათ ამერიკის შეერთებული შტატების ღირსების დაცვაზე? ამერიკელი გულშემატკივრები მოღალატედაც კი თვლიან...

- მიუხედვად იმისა, რომ ნიუ ჯერსიში გავიზარდე, ბავშვობაში ერთი წამითაც კი არ მიფიქრია “სკუადრა აძურას” გარდა სხვა ნაკრებზე. იტალიელისთვის ეს წარმოუდგენელია. დიდ პატივს ვცემ ნაკრებს, რომელშიც კობი ჯონსი და ტონი მეოლა თამაშობდნენ, მაგრამ სამშობლოს ეროვნულ გუნდს ვერ ვუღალატებდი.

- თქვენი ამერიკელი მეგობარი გოგონა რაფი ლორეტას ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ პოპულარობასა და მაღალ ჯამაგირს იოტისოდენადაც არ შეუცვლიხართ...

- წარმოუდგენელია, ვინმეს ზემოდან მხოლოდ იმის გამო უცქირო, მასზე უკეთ რომ შეგიძლია ბურთისთვის ფეხის მირტყმა. ბევრი ვარსკვლავი ფულმა რადიკალურად შეცვალა, მაგრამ ეს მე არ მეხება.

- სპორტსმენებიდან თქვენი კერპი ვინაა?

- კობი ბრაიანტი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავის წარმატებისკენ ლტოლვა ჩემთვის სამაგალითოა. დაახლოებით თვის წინათ მას შევხვდი. ფოტოც გადავიღეთ, კობის წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. 

0.115016