საინტერესო ცნობა მოგვაწოდეს საჩოგბურთო სტატისტიკოსებმა, რომლის მიხედვით სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველი მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი გადამწყვეტი სეტების მოგება-წაგებას ბალანსით მეორე ადგილზეა. ათვლა ეგრეთ წოდებულ ღია ეპოქის შემდეგ (1968 წლიდან მოყოლებული) დაიწყეს და სერბი მხოლოდ ლეგენდარულ შვედს ბიორნ ბორგს ჩამორჩება. მაშ ასე – გადამწყვეტი სეტებიდან სკანდინავმა 123 მოიგო და 39-ჯერ დამარცხდა. ბორგის ამ მაჩვენებლის ინდექსმა 0.759 შეადგინა. ჯოკოვიჩმა გადამწყვეტ პარტიებში 82-ჯერ იმარჯვა, 35-ში კი იღბალმა უმუხთლა. “ნოლეს” ინდექსი 0.701-ია. პირველ ხუთეულში გავიდნენ ამერიკელი ჯიმი კონორსი (229-99, ინდექსი 0.698), ესპანელი რაფა ნადალი (96-43, 0.691) და ამერიკელი ჯონ მაკინროი (161-73, 0.688).







