ჭადრაკი

14:28 | 19.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას სწრაფი ოქრო

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2678) ჩინებულად იასპარეზა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, სადაც 13 ტურში 11.0 ქულა მოაგროვა და 747 მონაწილეს (!) შორის ოქროს მედალი არავის დაუთმო.
ვარშავაში თავდაპირველად ბლიცში ევროპირველობა შედგა, თუმცა, ქართველ დიდოსტატს მასში მონაწილეობა არ მიუღია (ჩემპიონი სომეხი ჰრანტ მელქუმიანი გახდა), სწრაფ ჭადრაკში (პარტიაზე 15 წუთი ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით) კი ჩინებულად გამოიყურებოდა.
ბაადურმა საწყისი ექვსი ტური დანაკარგის გარეშე განვლო. მან მარია გოლუბევას (ლატვია, 1824), სირილ რუსელს (საფრანგეთი, 2140), პაველ სტომას (პოლონეთი, 2316), კასპერ პიორუნს (2520), ვოიცეხ მორანდასა (2658) და არტურს ნიეკარსს (2502) სძლია.
მეშვიდე-მერვე ტურებში ქართველი მოჭადრაკე ალექსეი შიროვსა (ესპანეთი, 2705) და იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი, 2730) დაუზავდა, რის შემდეგაც ტურნირზე ერთადერთი მარცხი უნგრელ ვიკტორ ერდოშთან (2623) განიცადა.
აღნიშნულის კვალად, ჯობავას ჩემპიონობა ძნელად სავარაუდო გახლდათ, თუმცა, ბაადურმა ევროპირველობის დასკვნით ნაწილში ოთხმოგებიანი სერია ”გამოაცხო” და პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ამჯერად, ქართველი ”მსხვერპლნი” მარჩინ ძიუბა (პოლონეთი, 2589), ტამაშ ბანუში (უნგრეთი, 2563), არტიომ ტიმოფეევი (2659) და ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა, 2695) შეიქმნენ.
როგორც აღვნიშნეთ, ჯობავამ თავი 11.0 ქულას მოუყარა და ერთბაშად შვიდ მოჭადრაკეს 0.5 ქულით გაუსწრო. დამატებითი მაჩვენებლებით, ვერცხლის მედალი რუს სანან შუგიროვს (2622) ერგო, ბრინჯაო კი – პოლონელ რობერტ კემპინსკის (2603).
სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 16 250 ევრო გახლდათ, სადაც ჯობავას 4 ათასი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090185