ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2707), ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი სამი ყაიმით გახსნა, ბოლო ოთხი პარტიიდან კი სამში იმარჯვა და მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში მიმდინარე ტურნირზე, 7 ტურის თავზე 5.0 ქულა მოაგროვა და ოთხასამდე მონაწილეს შორის 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მე-7 ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით ჰოლანდიელი დიმიტრი რეინდერმანი (2601) დაამარცხა, დღეს კი თეთრებით აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლის (2628) დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ევროპირველობის სათავეში მყოფი რუსი ვლადიმირ პოტკინის აქტივში 6.0 ქულაა, მის კვალში მდგარ ცხრამეტ (!) მოჭადრაკეს კი, ბაადური მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება, ასე რომ, დარჩენილ ოთხ ტურში ქართველის წინსვლა საკმაოდ რეალურია.
სამწუხაროდ, ჯობავას გარდა, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე ქართველ მოჭადრაკეებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. თორნიკე სანიკიძე (2542) 4.5 ქულით 74-ეა, ლევან ფანცულაიასა (2595, 113-ე) და სალომე მელიას (2462, 174-ე) აქტივში 4-4 ქულა, ხოლო დავით ლობჟანიძეს (2489, 180-ე), ლელა ჯავახიშვილს (2437, 184-ე), ლუკა პაიჭაძესა (2487) და დავით ზარქუას (2397) 3.5-3.5 ქულა გააჩნიათ.







