არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სტარტი აიღო ტრადიციულმა შეიხ რაშინ ბინ ჰამდან ალ მაკტუმის სახელობის თასის გათამაშებამ, რომელსაც დუბაი უკვე მე-14-ედ მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირს სულ 172 მონაწილე ჰყავს, პირველ ნომრად კი ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავაა (2706) განთესილი, რომელიც 2700-ანთა კოჰორტის ერთადერთი წარმომადგენელია.
ჯობავას გარდა, მოწინავეთა ხუთეულში ჰოლანდიელი ლუკ ვან ველი (2691), სომეხი ვლადიმერ აკოპიანი (2684), ჰოლანდიელი ივან სოკოლოვი (2653) და მოლდოველი ვიორელ იორდანესკუც (2644) იმყოფებიან, ქართველ მოჭადრაკეთაგან კი დუბაიში მიხეილ მჭედლიშვილს (2626), ლევან ფანცულაიას (2595), დავით არუთიანიანსა (2553) და სოფიკო ხუხაშვილს (2408) ვხედავთ.
14th DUBAI OPEN CHESS CHAMPIONSHIP-ის გახსნის პატივი პირველ დაფაზე მოთამაშე ჯობავასა და ყახახ კაზბეკ პრიმბეტოვს (2220) ერგოთ და გასაკვირი არ ყოფილა, რომ გამარჯვება გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე ქართველს დარჩა. მე-2 ტურში ბაადური შავი ფიგურებით ინდოელ ნიტინს (2420) ეთამაშება.
დუბაის პირველობის საწყისი ტური წარმატებული გამოდგა დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეებისთვისაც. მჭედლიშვილმა, ფანცულაიამა და არუთინიანმა თეთრებით შესაბამისად, ირანელ მომენის (2145), ეგვიპტელ სალაჰსა (2108) და ინგლისელ რისს (2060) სძლიეს, ხოლო ხუხაშვილმა შავი ფიგურებით თურქმენი ბეშეროვი (2871) დაამარცხა.
14th DUBAI OPEN CHESS CHAMPIONSHIP-ის შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 23 აპრილს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 50 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს.







