საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2706) ევროპის ჩემპიონატის მე-10 ტურში თეთრი ფიგურებით სომეხი ტიგრან პეტროსიანი (2643) დაამარცხა და ისეთი პირი უჩანს, ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე იქნება, რომელიც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ტურნირის შედეგებით, მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.
ათი ტურის თავზე ჯობავას მონაგარი 7.0 ქულაა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-18 ადგილზეა, ისე კი, მისდარი მონაგარი 23 მონაწილეს აქვს. შვიდქულიან მოჭადრაკეებს კვალში შოთა აზალაძე (2419) უდგას, რომელმაც ასევე თეთრი ფიგურებით რუს პაველ პონკრატოვს (2607) სძლია და 6.5 ქულით 35-ე საფეხურზე იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ აზალაძე ევროპის ჩემპიონატში 222-ე განთესვით ჩაება და თანაც, ერთ პარტიაში მარცხი დაგვიანების გამო ჩაეთვალა, ნამდვილად ჩინებული შედეგია.
თეთრებითვე უნგრელი რიჩარდ რაპორტის (2559) დაჯაბვნის ხარჯზე, ასევე 6.5 ქულა მოაგროვა და 46-ე ადგილზე დამკვიდრდა მიხეილ მჭედლიშვილი, პლოვდივში მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა კი ასეთია: 104. დავით ლომსაძე (2338) – 5.5; 111. ლევან ფანცულაია (2595) – 5.5; 151. ლუკა პაიჭაძე (2491) – 5.0; 164. დავით ბენიძე (2530) – 5.0; 165. გაიოზ ნიგალიძე (2472) – 5.0; 335. გიორგი ხელაია (2080) – 2.5;
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მე-11 ტურის წინ, რომელიც 31 მარტს შედგება, პირველობის ყველაზე კარგი შანსი ფრანგ ლორენ ფრესინეს (2693) აქვს, რომელიც 8.0 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელია. უკანასკნელ პარტიას იგი ერთ-ერთი მდევრის – რუსი დმიტრი იაკოვენკოს (2729) წინააღმდეგ ჩაატარებს.
ქართველთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ: ჯობავა რუს დენის ხიშმატულინს (2656) დაუპირისპირდება, მჭედლიშვილი – ჩეხ დავიდ ნავარას (2700), ხოლო აზალაძე – რუმინელ ლივიუ-დიტერ ნისიპეანუს (2643).
დასასრულ შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 14 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა მოწინავე 25 მოჭადრაკეზე გადანაწილდება. სათქმელია ისიც, რომ ევროპის პირველობის საუკეთესო 23 მონაწილე მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.







