მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობაზე” 14 თებერვალი ბლიც-ტურნირის დღე გახლდათ. ქართველთაგან ძალები ამჯერადაც ბაადურ ჯობავამ (2696) და ანა გავაშელმა (2161) მოსინჯეს, თუმცა, თავი კვლავ ვერაფრით გამოიჩინეს.
ბლიცში საუკეთესო სტარტი მე-12 მსოფლიოს ჩემპიონ ალეკსანდრა კოსტენიუკს (2495) ჰქონდა, რომელმაც საწყისი 4 პარტია მოიგო, თუმცა, შემდეგ იან ნეპომნიაშჩისთან (2723) წაიფორხილა და ამ უკანასკნელის აღმასვლაც აქედან დაიწყო.
საბოლოოდ, ნეპომნიაშჩიმ 18 ტურში 15.5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი არავის დაუთმო. რუსმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს მეორე-მესამე პოზიციებიც. პიოტრ სვიდლერმა (2697) 14.5 ქულა მიითვალა, ხოლო ალექსანდერ გრიშჩუკმა (2860) – 14.0.
რაც შეეხებათ ქართველებს. ჯობავას 10 ტურის შემდეგ 7.5 ქულა ჰქონდა და მისი მდგომარეობა უიმედო სულაც არ გახლდათ, თუმცა, შემდეგ ბაადურმა მიჯრით 4 პარტია დათმო, რასაც ამდენივე ყაიმი მიაყოლა და 9.5 ქულით მხოლოდ მე-103 საფეხურს დასჯერდა.
საკუთარ რეიტინგთან შედარებით, კარგი შედეგი აჩვენა ანა გავაშელმა (2161). მას 270 მონაწილეს შორის 203-ე განთესვა ჰქონდა, საბოლოდო კი 8.5 ქულა მოაგროვა და 156-ე ადგილზე გავიდა.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ბლიც-ტურნირის გამარჯვებულმა ნეპომნიაშჩიმ საპრიზო 50 ათასიდ დოლარიდან 10 ათასი მიიღო, სვიდლერს 7 ათასი ერგო, ხოლო გრიშჩუკს – 5 500.







