ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარქარიანის სახელობის მემორიალი, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. 5 ტურის თავზე დავით ბენიძე (2524) 2.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-6 ადგილზეა, ხოლო შოთა აზალაძე (2471) 2.0 ქულით – მერვეზე.
განვლილ ტურში ბენიძემ თეთრი ფიგურებით უკრაინელ მარტინ კრავცივთან (2593) წააგო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა 4.0 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხება აზალაძეს, იგი ასევე თეთრებით რუს ალეკსეი გოგანოვს (2545) დაუზავდა.
მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავებით ითამაშებენ. ხსენებულ გოგანოვს უკვე ბენიძე დაუპირისპირდება, ხოლო აზალაძის მეტოქე უკრაინელი ანდრეი ბარისშპოლეცი (2502) იქნება.
მარქარიანის მემორიალი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 იანვარს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი მილიონი სომხური დრამია, რაც დაახლოებით 2 500 დოლარია.







