ძიუდო

10:01 | 4.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ მადრიდი, მერე ახალი კადრი

გამთენიისას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა. შაბათ-კვირას მადრიდი მსოფლიოს თასს უმასპინძლებს და ამირან ტოტიკაშვილის გუნდი ტატამზე გაფართოებული შემადგენლობით გავა. მწვრთნელმა თან 17 შეგირდი იახლა, თუმცა რამდენიმე წონაში პირველნომრობის უმთავრეს კანდიდატებს ამჯერად დასვენების საშუალება მისცა. დავით ასუმბანი (60 კგ) და ზაზა კედელაშვილი (73 კგ) ტრავმების გამო ჯერ სათანადოდ მზად არ არიან და სავარაუდოდ ნაკრებს მომავალ საერთაშორისო ტურნირზე შეუერთდებიან. ლევან წიკლაურს (81 კგ) ვარლამ ლიპარტელიანსა (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) კი საკმაოდ გადატვირთული საგაზაფხულო კალენდარი ჰქონდათ და გადაწყდა, რომ ეროვნულ გუნდს ესპანური ტურნირის შემდეგ შეერთებოდნენ.
მადრიდის მსოფლიოს თასს საქართველოს ნაკრების კანდიდატთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან ესპანეთში ქართული შიდა კონკურენცია საგრძნობლად დაიწმინდება. შედეგიანობის მიხედვით, გამოიკვეთებიან ძიუდოისტები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანურ ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი გავლენ. 66 კილოგრამში საქართველოს სახელით სულაც 4 სპორტსმენი იჭიდავებს - შალვა ქარდავა, პაატა მერებაშვილი, უჩა ხუციშვილი და სანდრო იაკობაშვილი. 73-ში - დავით კობერიძე, ნუგზარ ტატალაშვილი და მიხეილ ხომიზური. 81 კილოგრამი მთავარმა მწვრთნელმა თავისუფალი დატოვა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ გიორგი ბაინდურაშვილი ესპანეთში საკუთარი სახსრებით გაემგზავრება. ნაკრების ყოფილი პირველი ნომერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შიდა კონკურენციას ისევ უბრუნდება. 90 კილოგრამში ამირან ტოტიკაშვილმა გასულ კვირას მხოლოდ მინდია ბოდაველი შეიყვანა. ბოლო დღეებში კი მას საბა გავაშელიშვილიც შეუწყვილა.
ყველაზე საინტერესო 100 კილოგრამის ქართული განაცხადია. მადრიდის მსოფლიოს თასისზე კიმონოს ორი ოლიმპიური ჩემპიონი – ზურაბ ზვიადაური (2004) და ირაკლი ცირეკიძე (2008) მოირგებს. წინასატურნირო მზადება ორივემ გაიარა. დანარჩენი კი ტატამზე გამოჩნდება. მძიმე წონაში კი საქართველოს დროშის ქვეშ ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებენ.
“მომავალ ტურნირს ნაკრების დასაკომპლექტებლად დიდი მნიშვნელობა ექნება. გამოიკვეთებიან უმთავრესი კანდიდატები. ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გადავალთ. 10 ივნისს ბათუმში გავემგზავრებით, 10-დღიან შეკრებაზე, რომელსაც ძირითადად სარეაბილიტაციოდ გამოვიყენებთ. ტოკიომდე გუნდი ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა - 3-4 ივლისს, მოსკოვის დიდ სლემზე” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ამირან ტოტიკაშვილმა.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უახლოეს მომავალში ექიმი-კონსულტანტი ეყოლება. მისი მთავარი მოვალეობა სპორტსმენთა სუნთქვის პრობლემის მოგვარება იქნება. მთავარი მწვრთნელისგან შევიტყვეთ, რომ სავარაუდოდ ნაკრების ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე, ამ საქმეს ავთანდილ თოდრია ჩაიბარებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176524