ჭადრაკი

16:00 | 12.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა მოგებით დაიწყო

ისრაელის ქალაქ ელიატში სტარტი აიღო ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც ჯამში 35 გუნდი ჩაება, თუმცა, ბოლო წლებში დამკვიდრებული არასასიამოვნო ტრადიციის თანახმად, მათგან ქართული არცერთია.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველ მოჭადრაკეთაგან ისრაელში მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2555) უნდა ეთამაშა, თუმცა, ბოლო მომენტში სომხურმა “მიკამ” იგი ლელა ჯავახიშვილით (2444) ჩაანაცვლა.
მე-3 ნომრად განთესილი სომხური კლუბი პირველ ტურში ებრაულ “რიშონ ლე ციონს” დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. შეხვედრაში 2 პარტია ყაიმით დასრულდა, საკუთარი პარტიები კი ჯავახიშვილმა და ლილიტ მკრტჩიანმა (2456) მოიგეს. ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ისრაელის წარმომადგენელ მიჩალ ლაჰავს (1732) სძლია.
წარმატებას მიაღწია ტურნირის ფავორიტმა “მონტე კარლომ”, რომელმაც რუსული “ნაშე ნასლედიე” 2.5:1.5 დაამარცხა, თუმცა კი, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩინელმა იიფან ჰოუმ (2605) რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან (2490) თეთრებით წააგო.
მოულოდნელი წარუმატებლობა შეემთხვა მე-2 რეიტინგის მქონე AVS-ს, რომელიც კიდევ ერთ რუსულ კლუბ “უგრას” ვერ გაუმკლავდა – 1.5:2.5. უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ (2551) საკუთარი პარტია კი მოიგო, თუმცა, ლიტველი ვიკტორია ჩმილიტეს (2528) და უკრაინელი მარია მუზიჩუკის (2474) წაგებებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მე-2 ტურში “მიკა” სწორედ “უგრას” ეთამაშება და მძიმე ბრძოლა ელის. უკვე ცნობილია, რომ ჯავახიშვილი ისევ მე-4 დაფაზე გაირჯება და კვლავ შავი ფიგურებით რუს ტატიანა შადრინას (2361) დაუპირისპირდება.
სენსაცია დაფიქსირდა ვაჟთა ტურნირის პირველივე ტურში, რომელშიც უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა აზერბიაჯანულმა “სოკარმა” ((ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2792), გატა კამსკი (აშშ, 2755), სერგეი გრიშჩუკი (რუსეთი, 2752), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2751), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2748), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2685), ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2616), გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი, 2608)) მე-9 განთესვის მქონე ებრაულ “აშდოდთან” 2.5:3.5 წააგო.
“სოკარის” მხრიდან მოგება მხოლოდ კამსკიმ მოახერხა. 2 პარტია ყაიმით დასრულდა, წარუმატებლობა კი მამედიაროვს და ტოპალოვს შეემთხვათ, რომლებიც შესაბამისად, უკრაინელებთან – ანდრეი ვოლოკიტინთან (2724) და პაველ ელიანოვთან (2681) დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ საკლუბო ჩემპიონატი შვიდ ტურად წარიმართება და 17 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა, საიდანაც ვაჟთა შორის ჩემპიონი 16 ათასს მიიღებს, ქალებში საუკეთესო კლუბი კი 4 500-ით დაჯილდოვდება.
დაწესებულია ინდივიდუალური პრიზებიც. დაფების მიხედვით ჩემპიონებაზე თანხები ასე გადანაწილდება. ვაჟები: I დაფა – 900, 750, 500; II – 750, 600, 400; III – 650, 500, 350; IV – 600, 450, 300; V – 550, 400, 250; VI – 500, 350, 200; ქალები: I – 400, 200, 100; II – 250, 200, 100; III – 200, 150, 100; IV – 100, 100, 100;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141262