საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ზურაბ ჯავახაძემ (2448) ქვეყნის 20-წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა და ტურნირს ქულათა მაქსიმუმით დამაჯერებლად ლიდერობს. მისი უახლოესი მდევარი ნოდარ ლორთქიფანიძე (2240) გახლავთ, რომელსაც 4.0 ქულა გააჩნია.
20-წლამდე გოგონათა შორის ლიდერობას განაგრძობს ანა კუჭავა (2063). გასულ ტურში იგი ნატო იმნაძეს (2082) დაუზავდა და 4.0 ქულა მოაგროვა. ხსენებულ იმნაძეს, მერი არაბიძეს (2355) და ანა შამათავას (2104) აქტივში 3.5-3.5 ქულაა.
ქულადაუკარგავი ლიდერი ჰყავს ვაჟთა შორის საქართველოს 12-წლამდელთა პირველობას. კოკა ბუკიამ (1586) 5.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – დავით კამკიას (1747), ნიკოლოზ პეტრიაშვილს (1680) და ცოტნე ქვარცხავას ქულით უსწრებს.
ამავე ასაკში გოგონათა ტურნირს 4.5 ქულით ლილე ქორიძე (1691) ლიდერობს. მას ნახევარი ქულით 3 მოჭადრაკე ჩამორჩება: მაია ბეჭვაია (1477), ელენე კოსტავა (1668) და სანდრა კაპანაძე (1592).







